სახალხო დამცველმა მიმართა ეუთო/ოდირს სთხოვა სამართლებრივი დასკვნის მომზადება იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე კვირას დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში.
წარმოდგენილი ინიციატივა დაჩქარებულად განიხილება და მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში.
„მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რაც არ იძლევა მასში სრულფასოვანი მონაწილეობის და ჩართვის შესაძლებლობას.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა და იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, სრულად იქნება მხედველობაში მიღებული. ამასთან, მიღებული იქნება ყველა ზომა ადამიანის უფლებებზე ნეგატიური ეფექტების აღმოსაფხვრელად”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
დღეს, 5 თებერვალს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით, 80 ხმით დაუჭირა მხარი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებსა და შეკრება-მანიფესტაციების კანონში რეპრესიულ ცვლილებებს.
ცვლილებებს დაჩქარებულად განიხილავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი პროცედურით დადგენილ სამივე მოსმენას და კენჭისყრას მიმდინარე სასესიო კვირაში დაასრულებს.