ირანსა და ისრაელს შორის ღამით ინტენსიური საჰაერო იერიშები მიმდინარეობდა.
გამთენიისას აფეთქებები დაფიქსირდა თელ-ავივში, იერუსალიმთან და თეირანში.
მედიის ინფორმაციით, ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავდა 21 ადამიანი.
ერთი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ირანული რაკეტა მოხვდა შენობას თელ-ავივის სამხრეთით. ხოლო მეორე მოქალაქეს იარაღის ფრაგმენტი დაეცა რამატ განში, ასევე თელ-ავივის მახლობლად.
გაეროში ირანის წარმომადგენლის თქმით, ირანში პირველი თავდასხმიდან, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა.
მან ასევე დაამატა, რომ დაშავდა 320-ზე მეტი, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე.
განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა Telegram-ში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) თქვა, რომ „აგრძელებენ იერიშებს სამიზნეებზე, რათა აღმოფხვრან საფრთხეები ირანში“.
IDF ასევე აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო იუდეასა და მკვდარი ზღვის ტერიტორიებზე.
ისრაელმა პარასკევს, გამთენიისას ირანში სამხედრო ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშები მიიტანა.
ამ იერიშებმა, ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, იმსხვერპლა ისლამური რევოლუციური გვარდიის მეთაური ჰოსეინ სალამი, რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო პირი და მეცნიერი.
ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, პარასკევს დილითვე ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 დრონი გაუშვა, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
შეტევის სამიზნეში მოხვდა, მათ შორის, ირანის მთავარი ურანის გამამდიდრებელი ობიექტი.