კახა კალაძე დანიის ელჩის განცხადებაზე: ჩვეულებრივი სიბინძურეა

პუბლიკა

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება საქართველოში დანიის ელჩის  ანე ტოფტ სორენსენის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და აცხადებს, რომ ეს „სიბინძურეა”.

თბილისის მერის განცხადებით, საზოგადოებამ იცის, თუ რა აქვს გაკეთებული ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის და ის თავის საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებს.

„ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ეს ადამიანი აგრძელებს თავის საქმიანობას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მან გააკეთა, არის იმ საშინელი სისხლიანი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მასთან ერთად, ყველამ ერთად შევძელით. 2012 წლის შემდეგ ქვეყანა განიცდის პროგრესს, ვითარდება, წინ მივდივართ, ევროინტეგრაციას კიდევ უფრო ვუახლოვდებით და ა.შ. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“. – თქვა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

კალაძემ ყურადღება გაამახვილა სხვა ევროპარლამენტარებზეც, რომლებიც, მერის თქმით, ასეთივე განცხადებებს აკეთებენ და აღნიშნა, რომ მათ საქართველოსთან მეგობრული დამოკიდებულება არ აქვთ.

„ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი ვიცით, როგორ იმართებიან და ფულს როგორ იღებენ. ეს ყველაფერი ლობიზმით არის შენიღბული. იმ „რუსული კანონით“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს, ჩვენ ვნახეთ, თურმე რა რეზოლუციების მიღებაა შესაძლებელი, თუ ფულს იხდი. თუ იხდი, შეგიძლია ყველაფერი აკადრებინო თუნდაც იმ ევროპარლამენტარებს. ვინც ასეთ უხამს და უმსგავსო განცხადებებს აკეთებენ, მართლაც სამარცხვინოები არიან. მათ საქართველოსთან არანაირი მეგობრული დამოკიდებულება არ აქვთ. მათ აქვთ თავიანთი ინტერესები და ამას ემსახურებიან“. – განაცხადა კალაძემ.


საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში ოლიგარქი უწოდა და აღნიშნა, რომ მან თავისი ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.