კანონმდებლობაში აღარ იქნება საშუალებები, რომ ჯარს თავი მექანიკურად აარიდონ - თავდაცვის მინისტრი

პუბლიკა

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს თავდაცვის ახალ კოდექსზე, რომელშიც მისმა უწყებამ დიდი ძალისხმევა გასწია წვევამდელთა სისტემისა და რეზერვის მოდერნიზაციაზე.

მისი თქმით, რეფორმირების შემდეგ მოქალაქეებს აღარ მიეცემათ საშუალება, მარტივად აარიდონ თავი სავალდებულო სამხედრო სამსახურს. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ჯარი პოპულარულია საზოგადოებში, ბურჭულაძის თქმით, მხოლოდ ერთი ორგანიზაციის მეშვეობით, წელს სავალდებულო სამსახურს 12 000-მა ადამიანმა აარიდა თავი.

თავდაცვის მინისტრი, სავარაუდოდ, პარტია „გირჩის“ მიერ შექმნილ ორგანიზაციას „ბიბლიურ თავისუფლებას“ გულისხმობდა, რომელიც მსურველებს მღვდელმსახურის ცნობას აძლევს, რაც სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის ლეგალური საფუძველია.

„სამწუხაროდ, დღეს ბევრი ლეგალური საშუალებაა, რომ ადამიანმა თავი აარიდოს ჯარს. არც მინდა დავასახელო ორგანიზაციის სახელი, მაგრამ მარტო ამ ერთი ორგანიზაციის მეშვეობით, წელს 12 000-მა ადამიანმა აარიდა ჯარს თავი.

ეს, რა თქმა უნდა, სხვა რისკებთან და საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული. ეს ხალხი ფაქტობრივად, შეიძლება, იყოს მართული რაღაც ძალის მიერ, რომელიც შეიძლება, იყოს გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ამიტომ ჩვენ ამაზეც დავხარჯეთ ძალისხმევა და ვფიქრობ, ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ ასე მექანიკურად აარიდოს თავი ადამიანმა სავალდებულო სამსახურს.

თუმცა ჩვენ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ დღეს არ გვაქვს იმის რესურსი, რომ პოტენციურად რამდენი ადამიანიც შეიძლება, იყოს წვევამდელთა კატეგორიაში, დღეს ყველა გავიწვიოთ. ამის არც საშუალება გვაქვს და პრინციპში, ამ ეტაპზე ამის არც საჭიროება დგას, თუმცა უსამართლობას მაქსიმალურად შევამცირებთ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ბურჭულაძის თქმით, მათ შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და გაწვევის სისტემის რეფორმირება ამის საფუძველზე მოხდება. შეიცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადებიც და შეიძლება ის იყოს 6, 8 ან 11 თვე, ანდაც როგორც ბურჭულაძე ამბობს, უფრო დიდ პერიოდზე გადანაწილდეს.

„ჩვენ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი ავიღეთ, ბალტიისპირეთის ქვეყნების, რომლებსაც საუკეთესო გამოცდილებაა აქვთ და შეიძლება, მარტივად ინტეგრირდეს ჩვენთან, თავისი ყველა ასპექტის გათვალისწინებით, ავიღეთ ფინური მაგალითი და შვეიცარიის მაგალითი.

შეიძლება, გარკვეულწილად, ჰიბრიდი გავაკეთოთ ამის, ჩვენი მენტალიტეტის გათვალისწინებით, არსებული მდგომარეობისა და მატერიალური საშუალებების გათვალისწინებით. მაგრამ ამ ძალისხმევას ძალიან მაღალი შედეგი მოჰყვა და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ მივიღოთ ეს დოკუმენტი საკანონმდებლო დონეზე, რითაც, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მომავალი ათი-ოცი წელი უნდა იხელმძღვანელოს საქართველომ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ასევე, ჯუანშერ ბურჭულაძის, თავდაცვის სამინისტრო ეცდება, რომ პირველ რიგში, ჯარის მეტი პოპულარიზაცია უნდა მოხდეს მთელ საზოგადოებაში და მისი უწყება ეცდება, ჯარი პოპულარული გახადოს ყველა სოციალურ ფენაში.

„ჩვენ უნდა გავაცნოთ ჯარი და დავანგრიოთ ის კომუნისტური, თუ პოსტკომუნისტური სტერეოტიპი, რომ ჯარი არის ცუდი. ჩვენ შევქმენით  პირობები ჯარში, რომ ის ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს მისაღები, ვგულისხმობ ყველა კომპონენტს და გვინდა, ეს გავხადოთ საინტერესო. ჯერ უნდა გავაცნოთ საზოგადოებას. საზოგადოება ჯერ უნდა გაიცნოს, მერე უნდა შეიყვაროს“, – თქვა ბურჭულაძემ.