„კეთილი იყოს მათი სამეფოს მობრძანება პარლამენტში“ - სამხარაძე „გირჩზე“

პუბლიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში „გირჩის“ შესვლასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.

„კეთილი იყოს მათი და მათი სამეფოს მობრძანება საქართველოს პარლამენტში. კარგია, თუ ისინი შემოვლენ პარლამენტში და არა მხოლოდ ოთახებს დაიკავებენ, არამედ სესიაზეც შემოვლენ და აქტიურად ჩაერთვებიან დისკუსიაში.

გირჩელებთან ჩვენ მუდმივად გვქონდა კონსულტაციები. ბოლოს არ მახსოვს, როდის იყო, ალბათ სადღაც ერთი კვირის წინ გვქონდა შეხვედრა. თუმცა, შეთანხმების ნაწილი „ოცნებასა“ და „გირჩს“ შორის ნამდვილად არ არის და ეს გადაწყვეტილება მათ დამოუკიდებლად მიიღეს.

მათი მოთხოვნების უმეტესობა  – მოსამართლეების და შერიფების არჩევა და ა.შ. ვერ იქნება მსჯელობის საგანი, რადგანაც საქართველოში სრულიად სხვა სამართლებრივი სისტემა გვაქვს. ჩვენ ევროპული სისტემა გვაქვს. სრულიად სხვა რელსებზე უნდა გადავიდეს სახელმწიფო მოწყობა, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ ამ საკითხებზე მსჯელობა ვერ იქნება, თუმცა, მსჯელობა შესაძლებელია საარჩევნო საკითხებზე“, -განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„გირჩი“ ორშაბათს პარლამენტში მივა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი მედიას ეუბნება, რომ საკანონმდებლო ორგანოში ადამიანების გასაცნობად და მისასალმებლად მივლენ.

მეგრელიშვილის განმარტებით, პარტია პარლამენტში მუშაობას დაიწყებს, თუმცა საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვება.