ხელისუფლება გამოიკვეთა უკვე როგორც მტერი ამ ქვეყნის - დვალი

პუბლიკა

„დღეს ჩვენი მთავრობა პრორუსული კი არ არის, ჩვენი მთავრობა არის რუსეთიდან პირდაპირ მართვადი… ყველაზე ცუდი ფორმით მართვადია რუსეთიდან. ეს არის გამოკვეთილი სურათი“, – ამის შესახებ მეცნიერმა გია დვალმა „მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

„ეს არის სინდისგარეცხილი მთავრობა. სინდისს მე არ ვხმარობ, როგორც ემოციურ კატეგორიას. ესაა მეცნიერული კატეგორია, ანუ ეს არის სინდისგარეცხილი მთავრობა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

…პირველი კითხვა, რაც შეიძლება მოქალაქეს დაებადოს – როგორ შეიძლება, ჩვენ ზურგის ტვინით ვგრძნობდეთ, რომ აშკარად სადღაც არასწორად მიგვათრევენ და როგორ შეიძლება ამ მთავრობას ხალხი ხმას აძლევდეს.

აქ ახსნა მარტივია – ამათ დანერგეს ირაციონალური შიში. ეს არის ადამიანების მანიპულირების სტანდარტული სახელმძღვანელო, ამ თავისი განცხადებებით და მიზანმიმართული [გზავნილებით] დანერგეს ირაციონალური შიში. აი, ეს სლოგანები, რაც აქვთ – „ომი თუ თავისუფლება”…”, – განაცხადა დვალმა.

გადაცემის წამყვანის, ნიკა გვარამიას რეპლიკაზე – „როგორ უნდა ჩამოვირეცხოთ ეს მთავრობა?”, დვალი პასუხობს:

„პირველი – აუცილებელია ხალხის გათვითცნობიერება. სინამდვილეში, ხალხს არ ესმის მარტივი ჭეშმარიტება, რომ ერთადერთი გამოჩენილი ძალა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ომისკენ მიათრევს, არის ეს მთავრობა. ესაა პრინციპულად გასააზრებელი.

მარტივ სქემას მოვყვები, რატომ? რა ხდება? – ამათი სლოგანი რა არის: „ჩვენ თუ რუსეთს არ გავაღიზიანებთ“ – რუსეთი რა არის, ესეც გაურკვეველია, ასევე, რა არის „არგაღიზიანება“ – აბსოლუტურად გაურკვეველია.  ე.ი. ირაციონალური ცნებებით ხდება ჟონგლიორობა, რომელიც ნერვულ ცენტრებზე რეზონირებს ადამიანის გონებაში…

საზოგადოების გათვითცნობიერება, რომ ეს ხალხი ომისკენ მიგვათრევს… ეს უნდა მოხდეს…

მოდელი მარტივია – „თუ რუსეთს გავაღიზიანებთ, ომი იქნება“ – ესაა სლოგანი. ეს ნორმალურ ადამიანს შეიძლება, მართლაც ჭკუაში დაუჯდეს, შეიძლება იფიქროს, რომ ამაში არის რაღაც რაციონალური. სინამდვილეში ეს არის აბსურდი. მე მინდა პარალელი გავავლო ქართველ ბოლშევიკებთან. სიტუაცია ამ შემთხვევაში არის კიდევ უფრო უარესი. იმ ქართველ ბოლშევიკებს რაღაცა სიტყვა მაინც ეთქმოდათ კრემლში… იმ ქართველ ბოლშევიკებსაც კი, ვისაც სიტყვა ეთქმოდათ კრემლში, და თითქოს საქართველო რომ დაიპყრეს და გააწითლეს, თითქოს შემდეგ რაღაცნაირად შეეძლოთ, რომ გადაჭარბებული რეპრესიებიდან დაეცვათ, მაგრამ ვერ დაიცვეს, უამრავი ხალხი გაასაღეს სულ ტყუილ-უბრალოდ, და ახლა ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც სიტყვა კი არ ეთქმის კრემლში, იქ ძაღლადაც არ აგდებენ…”, – განაცხადა დვალმა და აღნიშნა ისიც, რომ „ხელისუფლება გამოიკვეთა უკვე, როგორც მტერი ამ ქვეყნის, სხვა რა უნდა დავარქვა ამას?!“

წამყვანის რეპლიკაზე, – „როცა ხელისუფლება არის მტერი, ის უნდა შეიცვალოს ხომ. რაციონალური, ნორმალური ერები ამას ასე იქცევიან”, – დვალი პასუხობს: რა თქმა უნდა.

წამყვანი: ხელისუფლების ცვლილება და ზოგადად, „პოლიტიკური ეკვილიბრიუმის” ცვლილება, სტატუს-კვოს – როგორც გინდა, ისე დავარქვათ, ეს ხომ ზიარი ჭურჭლის პრინციპია – რაღაცამ უნდა ჩაიწიოს და რაღაცამ ამოიწიოს. ამ შემთხვევაში რამ უნდა ამოიწიოს? მითხარით. ჩაიწია ხელისუფლებამ, ქართული პარადოქსი ისაა, რომ ოპოზიციური სპექტრიც ისე დაბლაა ჩაწეული, როგორც [არასდროს] სხვა შემთხვევაში. ეს ზიარი ჭურჭლის პრინციპი, სრულიად დარღვეულია, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ ხალხი?”.

დვალი: „კანონია, როდესაც სადღაც ჩნდება ვაკუუმი. იმ ვაკუუმს რაღაცა ავსებს. ყოველთვის ასეა. შენ შეიძლება უკანასკნელი იმედი გქონდეს გადაწურული, თქვა, რომ აღარ არსებობს აღარანაირი წინააღმდეგობის მოძრაობა და აუცილებლად ვიღაც გამოჩნდება. ამ შემთხვევაში ეს მარტივია – ეს არის ხალხი. ხალხმა უნდა გამოხატოს თავისი ნება, ჩვენ უნდა დავეხმაროთ თავს, რომ ეს ნება გამოხატული იყოს მაქსიმალურად ეფექტიანად.

…ეს უნდა იყოს ლაიტმოტივი – როგორც სამსახურში დავდივართ, ისე უნდა ვიაროთ აქციებზე, მუდმივად უნდა მოხდეს ჩვენი პოზიციის დაფიქსირება უკრაინასთან დაკავშირებით. ამ გენოციდთან დაკავშირებით, რუსეთის საშინელებასთან დაკავშირებით და ა.შ.

…ერთადერთი ფორმულა ამ სიტუაციაში არის ხალხის კონსოლიდაცია და ხალხის ნების გამოხატვა, იმიტომ, რომ ვერც ერთი ხელისუფლება 21-ე საუკუნეში, რაც არ უნდა დამორჩილებული იყოს, ვერ აღუდგება ტოტალურად ხალხის ნებას. ეს არის მითი, რომ ვიღაცას შეუძლია ხალხის ნებას წინ აღუდგეს და იძულებული გახდება, რომ ხალხის ნება გაითვალისწინოს”, – აღნიშნა დვალმა.