ხელისუფლებას ზედაპირული და პოპულისტური მიდგომები აქვს - დეკანოიძე ბავშვთა სიღარიბეზე

პუბლიკა

საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებსეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.

პუბლიკა დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, საქართველოში ბავშვთა სიღარიბის კუთხით ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ბავშვების 35% შიმშილის ზღვარს მიღმა იმყოფება.

მისი თქმით, ხელისუფლებას ზერელე და პოპულისტური მიდგომები აქვს და ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკა, როგორ უნდა დაიძლიოს ბავშვთა სიღარიბე და როგორ უნდა იზრუნოს სახელმწიფომ ბავშვების განვითარებაზე.

„ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა ბავშვთა სიღარიბის კუთხით. სერიოზული პრობლემაა, როდესაც ბავშვების 35% არის შიმშილის ზღვარს მიღმა. ესენი არიან ბავშვები, რომლებიც ვერ იღებენ მათი განვითარებისთვის, სწავლისთვის, აქტიურობისთვის აუცილებელ კალორაჟს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ბავშვების ოჯახებიც არიან მინიმალური შემოსავლის ზღვარს მიღმა და აქვთ უმძიმესი პრობლემები.

ბავშვების მალნუტრიცია, რა თქმა უნდა, აისახება მათ განვითარებაზე, სწავლაზე. თქვენ იცით, რომ საქართველო ყველა კვლევით – კრიტიკული აზროვნების, წერა-კითხვის, წაკითხულის გააზრების და სხვა მიმართულებებით – არის ბოლო ნიშნულზე.

ეს ფაქტი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას არათუ უბრალოდ არ აქვს პოლიტიკა, როგორ უზრუნველყოს ამ ბავშვების განვითარება და სიღარიბიდან ამოყვანა, არამედ ზოგადად ძალიან ზერელე, ზედაპირული და პოპულისტური მიდგომებია. ზოგადად ხელისუფლებებს ახასიათებთ მსგავსი მიდგომები და ყოველთვის ასე იყო. სიღრმისეულად ეს პრობლემა, ისევე როგორც განათლების სისტემაში არსებული პრობლემები, სამწუხაროდ, არ მოგვარებულა“, – ამბობს დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა დახმარების სახით ოჯახებისა და განსაკუთრებით, ქალების ეკონომიკურად გაძლიერება.

„ოჯახების გაძლიერება უმნიშვნელოვანესია და მე პირადად მგონია, რომ ეს პრობლემა პირდაპირ არის დაკავშირებული ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასთან. საქართველოში ეკონომიკურად ძლიერი ქალი ძალიან იშვიათია და ეკონომიკურად ძლიერი ქალი თავისთავად ნიშნავს ძლიერ ოჯახს. ქალს უნდა შევუქმნათ ყველანაირი პირობა, რომ ეკონომიკურად გაძლიერდეს, საზოგადოებაში ინტეგრირდეს და დააგროვოს კაპიტალი.

რაც შეეხება ცალკე კონკრეტულ სოციალურ პროგრამებს, რა თქმა უნდა, სერვისები უნდა იყოს შეთავაზებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომლებიც დაეხმარება მათ გარკვეული პრობლემების მოგვარებაში, თუმცა ეს არ არის მოკლევადიანი პროცესი. დოვლათს ქმნის ოჯახი, იღებენ ხელფასს, არიან დასაქმებული კერძო ან სახელმწიფო სექტორში, ან არ არიან დასაქმებული. ამიტომ, პირველ რიგში უნდა გაიზარდოს დასაქმების მაჩვენებელი და ქვეყანაში უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, კონკურენტული სამუშაო გარემო. თუ ადამიანს აქვს ღირსეული შემოსავალი და არის დასაქმებული, მაშინ მისი ოჯახიც არის უზრუნველყოფილი ყველა საჭიროებით, მათ შორის ბავშვებიც.

600 ათასზე მეტი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ადამიანები ემიგრაციაში მიდიან და ქალები წლობით ვერ ნახულობენ საკუთარ შვილებს. თუ ადამიანს შეუქმნი შესაბამის გარემოს და მისცემ ღირსეულ ანაზღაურებას, ის ხომ არსად არ წავა? ყველაფერი გადის ეკონომიკურ ზრდაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო პირობების შექმნაზე”, – აცხადებს დეკანოიძე.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს არა მხოლოდ მართლმსაჯულების ან რომელიმე სხვა რეფორმას, არამედ ბავშვებისა და ხანდაზმულების კარგად ცხოვრებას. „იქ არის ღირსეული ხელფასი, ღირსეული სამუშაო გარემო, განათლების მაღალი დონე, ბავშვები არ შიმშილობენ. იქ არის ის, რაც სჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს. ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს ბავშვებისა და მოხუცების დაცვას“, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია უშუალოდ ბავშვებს მიეწოდოთ კონკრეტული სერვისები, მათ შორის, უფასო სასკოლო კვების სახით, რაც უზრუნველყოფდა მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

„ბავშვები ვერ იღებენ დაბალანსებულ საკვებს იმ ფონზე, როდესაც ბავშვს სჭირდება განვითარება, სწავლა, ფიზიკური აქტივობა, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება.

ერთ-ერთი მიდგომა, რომელიც მალე შეიძლება დაინერგოს, ეს არის უმცროსკლასელთა კვების თანაბრად უზრუნველყოფა სკოლაში, რომ ბავშვებს არ განუვითარდეთ სტიგმა, რომ ერთს აქვს ფული იმისთვის, რომ წავიდეს და საკვები იყიდოს სკოლაში და სხვას არა. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს შესაძლებელია სახელმწიფომ უზრუნველყოს. მით უმეტეს, გვაქვს წალენჯიხის მაგალითი, სადაც ეს სისტემა ძალიან კარგად მუშაობს. რა ფორმა მიეცემა მას, ეს ალბათ უფრო სკოლების გადასაწყვეტია. სკოლას უნდა მისცეს სახელმწიფომ ფინანსური რესურსი და შემდეგ უკვე ლანჩბოქსი იქნება, სასადილოში ტალონი თუ სხვა სახე, ამას თვითონ გადაწყვეტს.

როცა ქვეყანაში ეს მდგომარეობაა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ თავდაპირველად მე-3 ან მე-4 კლასამდე ბავშვები მაინც იყვნენ საკვებით უზრუნველყოფილი. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ბავშვებს უფლებები არ აქვთ, იჩაგრებიან, შიმშილობენ, ვერ სწავლობენ და ვერ ვითარდებიან“, – აცხადებს დეკანოიძე.