კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი, იგორ ეფრიმოვი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

პუბლიკა

რუსი ოპოზიციონერი და ლიბერტალიანული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იგორ ეფრიმოვი Twitter-ში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ის 31 იანვარს საქართველოში არ შემოუშვეს.

ეფრიმოვის თქმით, მესაზღვრეებმა არშეშვების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელეს და უკან ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს. როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, ის საქართველოში 2 დღის წინ, მეგობარ გოგოსთან ერთად ჩამოვიდა.

რამდენიმე დღის წინ არ შემოუშვეს კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი. მაშინ მან აღნიშნა, რომ თბილისში უკრაინიდან ოფიციალური მოწვევით ჩამოვიდა, აქტივისტებთან და დიპლომატებთან შეხვედრების გამართვას აპირებდა, თუმცა ის კიევში ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს.

„მე და ჩემს შეყვარებულს უარი გვითხრეს საქართველოს ტერიტორიაზე შეშვებაზე. მიზეზი იყო იგივე, რაც გუდკოვის შემთხვევაში – „სხვა მიზეზები“. მესაზღვრეებმა არც კი ამიხსნეს თუ რა არის ეს „სხვა მიზეზები“. გუშინ, გაკვირვებულმა წავიკითხე ის მიზეზები რაც დმიტრი გუდკოვს დაუსახელეს. ქართულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გუდკოვი არ შემოუშვეს იმის გამო, რომ მისი დეპუტატობის დროს დუმამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

მსგავსი ბრალდებები ჩემი მისამართით სასაცილო იქნება და ამავე დროს აბსურდული, რადგან 2008 წელს ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი და ისევე როგორც დმიტრი გუდკოვი, მე არ ვარ ალექსეი ნავალნი. რუსი ოპოზიციონერების საქართველოში არშეშვება უკვე მასობრივი ხდება. როცა საქართველოში მეპატიჟებოდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ეს თავისუფალი ქვეყანაა, რომელიც პუტინს მხარს არ უჭერს და რომელიც, უსაფრთხოა რუსი ოპოზიციონერებისთვის“, – წერს ეფრიმოვი ტვიტში.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 


რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილ დეპუტატთან, დმიტრი გუდკოვთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტერის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ამტკიცებდა, რომ გუდკოვის დუმის წევრობის დროს რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.

რუსი ოპოზიცონერი ამბობს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა სახელმწიფო დუმამ 2008 წელს აღიარა. ის კი დუმის წევრი 2011 წელს გახდა. მას შემდეგ, რაც ამოქმედდა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, პოლიტიკოსი ამბობს, რომ ის არ ყოფილა არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში. „პატივს ვცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა რუსმა ოპოციონერმა.