კინოთეატრ „ამირანთან“ აქციის მონაწილე ორი პირი დააკავეს – შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოსტავას გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 2 პირი დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულები არიან 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ.

შსს-ს ცნობით, ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნული პირები პოლიციამ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

„კოსტავას გამზირზე, პირველადი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის გამოყენების ფაქტებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამ წუთებში კინოთეატრ „ამირანთან“, სადაც რამდენიმე წუთში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ ჩვენება უნდა დაიწყოს, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა. აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას. „პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, არიან დაშავებულები, რომლებსაც ადგილზე სამედიცინო დახმარებას უწევენ ექიმები.

სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ მისი მოძრაობის წევრებს პიროტექნიკა არ გამოუყენებიათ.

ასევე, კინოთეათტრთან გამოჩდნენ სპეცრაზმელები, რომლებიც კინოთეატრის შესასვლელთან ჩადგნენ.

აქციის მონაწილეები ინტენსიურად აწვებიან სამართალდამცავების კორდონს და კინოთეატრში შესვლას ცდილობენ.

ადგილზე იმყოფებიან აქციის მონაწილეთა ლიდერები – ლევან ვასაძე და სანდრო ბრეგაძე. ერთი საათის წინ ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილებს კინოთეატრში შესვლისკენ მოუწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მათი მცდელობა, ფილმის ჩაშლის, არ იქნება ძალადობრივი. ‘