კოალიციამ მართლმსაჯულების რეფორმების 10 წელი შეაჯამა

პუბლიკა

„კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მართლმსაჯულების რეფორმების 10 წელი შეაჯამა.

მათი შეფასებით, ბოლო ათწლეულში გატარებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, ქართული სასამართლო კვლავ ფუნდამენტური გამოწვევების წინაშეა და ლეგიტიმაციისა და ნდობის მნიშვნელოვან კრიზისს განიცდის.

„ხანგრძლივი და ტალღებად გაწერილი რეფორმების დაწყებიდან 10 წლის მიუხედავად, სასამართლო იქცა ჩაკეტილ, მონოლითურ ინსტიტუციად, სადაც სულ უფრო ნაკლებად ისმის განსხვავებული აზრი და რეალური, საგნობრივი დისკუსია. სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ერიდებიან აქ არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი, მის ხელთ თავმოყრილი გადაჭარბებული ძალაუფლების პირობებში, თავად იქცა სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის საფრთხის შემცველ უმთავრეს ინსტიტუტად, რომელიც გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სერიოზულ კრიზისს განიცდის. შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების სისტემური შეფასება და შესაძლო გამოსავლების ძიების საკითხი, კვლავაც აქტუალურია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კოალიცია მართლმსაჯულების სისტემის ძირითად გამოწვევებად ასახელებს:

  • კორპორატივიზმი და არაფორმალური გავლენები – „სასამართლო სისტემაში, თვითმმართველობისა და ადმინისტრირების ორგანოების საქმიანობას პოლიტიკური დატვირთვა უფრო აქვს და სასამართლოს შიდა ერთიანობის დემონსტრირებისთვის გამოიყენება. არსებული ინსტიტუციური მოწყობა ნაკლებად ახალისებს სასამართლოს შიგნით აზრთა სხვადასხვაობასა და საგნობრივ დისკუსიებს. მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, ძირითადად, ერთი და იგივე – გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები აირჩევიან/ინიშნებიან და სისტემაში მყოფ სხვა მოსამართლეებს სასამართლოს მენეჯმენტში ჩართვის შესაძლებლობა არ აქვთ“.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჭარბი ძალაუფლება – „საბჭო სასამართლოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკვანძო საკითხზე იღებს გადაწყვეტილებას და თანაც იმგვარი წესით, რომელიც ამ პროცესში არამოსამართლე წევრების ქმედით ჩართულობას და, შესაბამისად, ეფექტიან საზოგადოებრივ ანგარიშვალდებულებას, ფაქტობრივად, გამორიცხავს. მაგალითისთვის, სწორედ საბჭოა დიდწილად პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის დაკომპლექტებაზე. თუმცა მისი გადაჭარბებული გავლენა იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და მოსამართლეთა კარიერის განმსაზღვრელ საკითხებზე, აბრკოლებს სისტემაში ახალი კადრების შედინებას. საბჭოს დაუბალანსებელი ძალაუფლება აგრეთვე ხელს უშლის სასამართლოში ადმინისტრაციული ძალაუფლების დეცენტრალიზაციას და მოსამართლეთა რეალურ თვითმმართველობას“.
  • ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის არასაკმარისი გარანტიები – „სერიოზული გამოწვევაა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის არასაკმარისი გარანტიები და მათი გამოყენების პრაქტიკა, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო გაუარესდა. 2021 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით განსაზღვრული მოსამართლეთა მივლინების ახალი წესი, დისციპლინური დევნის დაწყების შემთხვევაში მოსამართლის საქმეთა განხილვიდან ჩამოცილების შესაძლებლობა და დისციპლინური გადაცდომის ახალი, ბუნდოვანი მოწესრიგება – კიდევ უფრო ზრდის ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხელყოფის რისკებს და საფრთხეს უქმნის მათ გამოხატვის თავისუფლებას. დამატებით, საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის არასრულფასოვნად ამოქმედება და მოსამართლეთა არათანაბარი დატვირთულობა სისტემის არასათანადოდ გამოყენების და ინდივიდუალურ მოსამართლეზე ზეწოლის დამატებით ბერკეტებს ქმნის. პრაქტიკაში კი, მოსამართლეები ეფექტიანად არ ერთვებიან სასამართლოს თვითმმართველობაში, რისი მკაფიო მაგალითიც მოსამართლეთა კონფერენციებია. ბოლო წლებში ჩატარებულ კონფერენციებზე, რომლებზეც სასამართლო სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღებოდა, არათუ განსხვავებული აზრი არ გამოითქმებოდა მოსამართლეების მხრიდან, არამედ შეკითხვებიც კი არ ისმებოდა წარმოდგენილი კანდიდატებისა თუ მათი ხედვების თაობაზე“.
  • სისტემის გაუმჭვირვალობა და დაბალი ანგარიშვალდებულება – „დღევანდელი სასამართლო სისტემის ჩაკეტილობისა და გაუმჭვირვალობის ნათელი გამოვლინებაა სასამართლო აქტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით, სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის სტანდარტი დაადგინა, დღემდე აღუსრულებელია. ამგვარი პრაქტიკა მნიშვნელოვნად არღვევს სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების პრინციპებს, აბრკოლებს საზოგადოების თუ დაინტერესებული პირების მხრიდან სასამართლოს პრაქტიკის კვლევას, ართულებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შინაარსობრივ კრიტიკას და, საბოლოოდ, ამცირებს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას“.

ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.

LB image desktop LB image mobile