კობახიძე სტუდენტების დაფინანსების პირობის შეცვლაზე: მექანიზმია, რომ არ დაკარგონ მოტივაცია

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტებისთვის დაფინანსება ბაკალავრიატის განმავლობაში ბოლომდე გარანტირებული არ იქნება, სტუდენტების „მოტივაციის მექანიზმია“.

საქმე ეხება 31 ივლისის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, სტუდენტი უპირობოდ ფინანსდება მხოლოდ პირველი და მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში – ანუ პირველ კურსზე.

მეორე კურსიდან, ანუ მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრიდან გარანტირებული იქნება დაფინანსების 50%, მეორე 50%-ის შესანარჩუნებლად სტუდენტმა სავალდებულო 30 კრედიტის მინიმუმ 80% უნდა დააგროვოს.

„გარკვეული მექანიზმებია დადგენილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია. იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის განმავლობაში ორ საგანს ვერ აბარებს სტუდენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ არსებითად არ არის საფუძვლიანად ჩართული სასწავლო პროცესში. ამ შემთხვევაში უკვე გათვალისწინებულია მესამე სემესტრიდან დაფინანსების შემცირება, რასაც აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის მოტივაციის გაზრდა სტუდენტებისთვის“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.


31 ივლისს დამტკიცებული დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდება.

ახალი მოდელის თანახმად, სტუდენტს სწავლის საფასურის დაფინანსება პირველ კურსზე ავტომატურად ექნება, თუმცა მეორე კურსიდან დაფინანსების სრულად შესანარჩუნებლად გარკვეული აკადემიური მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს.

კერძოდ, სტუდენტი სწავლის პირველ და მეორე სემესტრებში, ანუ პირველი კურსის განმავლობაში, სახელმწიფო დაფინანსებას უპირობოდ მიიღებს.

მეორე კურსიდან, ანუ მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრიდან, სტუდენტს დაფინანსების სრულად შესანარჩუნებლად წინა სემესტრში დაგროვებული კრედიტების რაოდენობა განესაზღვრება.

სტანდარტულად, ერთი სემესტრის სასწავლო დატვირთვა 30 კრედიტს შეადგენს. ახალი წესის მიხედვით, სტუდენტმა წინა სემესტრში ამ 30 კრედიტის მინიმუმ 80% უნდა დააგროვოს, რაც 24 კრედიტს ნიშნავს.

თუ სტუდენტი წინა სემესტრში მინიმუმ 24 კრედიტს ვერ დააგროვებს, მას მესამე სემესტრიდან შეუჩერდება დაფინანსების ის ნაწილი, რომელიც აკადემიურ მოსწრებაზეა დამოკიდებული. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო კვლავ დაფარავს სწავლის საფასურის გარანტირებულ 50%-ს, ხოლო დარჩენილი 50%-ის გადახდა სტუდენტს საკუთარი სახსრებით მოუწევს.

დაფინანსების აღდგენა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი მომდევნო სემესტრში სრულ სასწავლო დატვირთვას დააგროვებს – ანუ 30 ECTS კრედიტის 100%-ს შეასრულებს.