კობახიძე აშშ-ის თავდაცვის აქტზე: ჯო უილსონის ინიციატივები ჩვენთვის საინტერესო არ არის

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისთვის „საინტერესო არ არის ჯო უილსონის ინიციატივა“ – საქმე ეხება აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტს (NDAA), რომელიც მიიღო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ და რომელიც საქართველოს შესახებ ორ შესწორებასაც მოიცავს.

შესწორებები, რომელთა ინიციატორიც ჯო უილსონია, მოიცავს შემდეგს:

თავდაცვის დეპარტამენტის ურთიერთობები საქართველოსთან: აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოში პოლიტიკური პატიმრების საკითხი და 2026 წლის 1 ოქტომბრამდე კონგრესს წარუდგინოს ანგარიში, თუ როგორ აისახება ეს სამხედრო ურთიერთობებზე.

ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ კავკასიაში: აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, დაზვერვისა და სახელმწიფო დეპარტამენტებთან ერთად, 180 დღეში უნდა წარადგინოს ანგარიში საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ.

ირაკლი კობახიძე ამას „ღიმილისმომგვრელს“ უწოდებს.

„აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია ასეთი ჩანაწერი, თქვენ იცით, რომ ინიციატივა არის ჯო უილსონის და ერთი კაცის ინიციატივით შევიდა ეს ჩანაწერი კონგრესის აქტში, შესაბამისად ჩვენთვის არ არის არც საინტერესო, არც სერიოზული, თან გუშინ ირანიც იყო წარმოდგენილი საქართველოში ძალიან ღრმად და დღეს ეს წარმომადგენლობა ირანის მხრიდან საერთოდ დაიკარგა. ეს მცირე ირონიული გადახვევა.

აბსოლუტურად არ არის საინტერესო ჯო უილსონის ინიციატივები, მისი ინიციატივით შესული შესწორებები. ჩვენ ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ჩვენი გზავნილი არის ძალიან მკაფიო, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება კონკრეტული გზამკვლევით სუფთა ფურცლიდან და ამასთან დაკავშირებით ველოდებით ამერიკის ოფიციალურ პოზიციას. დანარჩენი დეტალები – ჯო უილსონის ინიციატივები ჩვენთვის არ არის საინტერესო“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მაშინ, როცა უილსონმა ინიციატივა დააინიციირა, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა აკობიამ დაწერა, რომ აღნიშნული შესწორებები მომავალში შეიძლება ნიშნავდეს, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება, წვრთნები ან თანამშრომლობის ზოგიერთი ფორმა გარკვეულ პირობებზე იყოს დამოკიდებული.

აკობიას თქმით, ამ ეტაპზე ეს არ ნიშნავს ავტომატურ სანქციებს ან დახმარების შეწყვეტას – უფრო ნიშნავს, რომ აშშ იწყებს ოფიციალურ შეფასებას და ამ საკითხებს თავდაცვის პოლიტიკის ნაწილად აქცევს.

ანუ მისი შეფასებით, აშშ-ის მთავარი გზავნილია, რომ „საქართველოსთან უსაფრთხოების თანამშრომლობა გაგრძელდება, მაგრამ აშშ უფრო მკაცრად დააკვირდება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას და ადამიანის უფლებების საკითხებს“.

რაც შეეხება ჩინეთის ნაწილს – აშშ-ს აინტერესებს, რამდენად დიდია ჩინეთის და რუსეთის გავლენა საქართველოს უსაფრთხოების სფეროში, მაგალითად, ხომ არ ცდილობენ ისინი გავლენის მოპოვებას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებში, სადაზვერვო ქსელების მეშვეობით და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში ან მნიშვნელოვან პროექტებში.