კობახიძის განკარგულებით, „რესპუბლიკურის" აუთვისებელი თანხა სამედიცინო ჰოლდინგს გადაეცემა

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის მიერ 2024 წლის 19 თებერვალს გამოცემული განკარგულების თანახმად, თანხა, რომელიც გამოყოფილი იყო რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის და რომლის ათვისებაც ვერ მოხერხდა, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს” უნდა გადაეცეს.

„საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი” სახელმწიფო კლინიკების მმართველი ჯგუფია.

განკარგულებაში წერია, რომ ჰოლდინგს ეძლევა თანხმობა, მიღებული თანხა გამოიყენოს მის საკუთრებაში/მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მიმდინარე/ყოველდღიური საოპერაციო ხარჯების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, არსებული ვალდებულებების დასაფარად).

პროცესის მართვა ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლის, მალხაზ გოგუას თქმით, ეს განკარგულება მხოლოდ ერთზე მიუთითებს – სახელმწიფო კლინიკის რეაბილიტაციას გეგმავდა, თუმცა გადაიფიქრა.

22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დაინგრევა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოქმედი შენობა, მის ნაცვლად კი ახალი აშენდება. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოქმედი შენობა ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. უწყების ცნობით, ექიმებსა და სხვა სამედიცინო პერსონალზე კომპენსაცია გაიცემა და ისინი სხვადასხვა კლინკაში გადანაწილდებიან.

თუმცა, რესპუბლიკურის თანამშრომლების დიდი ნაწილი შეთავაზებას არ სთანხმდება და პროტესტს აგრძელებს. ამასთან, უახლოეს რამდენიმე დღეში კლინიკის თანამშრომლები შესაძლოა, მამუკა მდინარაძის შუამავლობით, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ.

მანამდე, ხვალ, 23  თებერვალს, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი მამუკა მდინარაძეს და ჯანდაცვის სამინისტროს შეხვდებიან.

„ყველა საკითხი არგუმენტების სახით განიხილება ხვალინდელ შეხვედრაზე. იმედი მაქვს, არგუმენტებით, არა ემოციურად, მივიღებთ რაციონალურ გადაწყვეტილებებს”. – თქვა მამუკა მდინარაძემ.

საავადმყოფოს თანამშრომლების მოთხოვნა, შენობის ნგრევის შეჩერებასთან ერთად, სამუშაო ჯგუფის შექმნაა, რომელიც კლინიკის მომავალზე იმუშავებს.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი რესპუბლიკური საავადმყოფოს 250-მდე თანამშრომელმა უკვე აირჩია.