კობახიძის თქმით, „ტვ პირველის" და „ფორმულას" წინააღმდეგ კომკომს კულტურის ჩამოსაყალიბებლად მიმართეს

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას „მედიაში კულტურის ჩამოსაყალიბებლად მიმართა“.

„ქართული ოცნების“ პრემიერი ირწმუნება, რომ „ცენზურა არაფერ შუაშია“.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჩივარი შეიტანა – პარტიამ ტელეკომპანიებს ისეთი ფრაზების გამოყენების გამო უჩივლა, როგორებიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი”, „ოლიგარქის რეჟიმი”, „რეჟიმის პატიმრები”, „არალეგიტიმური ხელისუფლება”, „კლანის სასამართლო“ და ა.შ.

„ოცნებამ“ „მაუწყებლობის შესახებ კანონში” ცვლილებები, რომლებიც მიზნად მედიის „რეგულირებას”, რეალურად კი ცენზურას და რეპრესიებს ისახავს, 2025 წლის მარტში მიიღო.

ცვლილებების თანახმად, მათ შორის, „დაუშვებელია, ტელეგადაცემაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა”.

კობახიძე ირწმუნება, რომ მედიის სტანდარტები ქართულ კანონმდებლობაში მრავალი წელია, გაწერილია, თუმცა, აქამდე აღსრულების მექანიზმი არ არსებობდა.

„ის, რომ საინფორმაციო გამოშვება უნდა იყოს ობიექტური და ნეიტრალური, არის საერთაშორისო მედიასტანდარტი. რა შუაშია აქ ცენზურა.

რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა გაწერა აღსრულების მექანიზმები და ამის საფუძველზე განხორციელდა მიმართვა შესაბამისი ორგანოსადმი. რა შუაშია აქ ცენზურა”. – ამბობს კობახიძე.

„ქართული ოცნების” პრემიერი დასძენს, რომ „საზოგადოებაში კულტურის ჩამოყალიბებაზე ყველამ უნდა იზრუნოს”.

მისივე მტკიცებით, „კანონი თანაბრად ეხება ყველა მედიას”.

„მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტელევიზია რა ტერმინებს იყენებს. მაგალითად, თუ ერთი მიმართულებით გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, მეორე მხარესაც გამოიყენება კონკრეტული ტერმინები.

საინფორმაციო გამოშვებაში თუ გამოიყენება, მაგალითად, „რადიკალური ოპოზიცია”, ახალი კანონის მიხედვით, ეს ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული.

ჩვენ სადაც გვაინტერესებდა, იმაზე გავაკეთეთ მიმართვა და თუ ვინმეს აინტერესებს […]. არის სხვა პარტიები, მათაც შეუძლიათ, მიმართონ. ესეც ხელს შეუწყობს კულტურის ჩამოყალიბებას”. – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ტერმინს „რადიკალური ოპოზიცია” მრავალი წელია, „ქართული ოცნების” პროპაგანდა იყენებს ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციისთვის იყენებს, სიტყვა „რადიკალებს” კი – ოპოზიციურად განწყობილი ყველა ჯგუფის წინააღმდეგ.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კომუნიკაციების კომისიისთვის მიმართვით „ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკული ტელევიზიების ცენზურის პოლიტიკა აამოქმედა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დიქტატურისკენ.