კობახიძე: ჯანდაცვაში კარტელური გარიგებების წინააღმდეგ ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, „ჯანდაცვის სფეროში იყო სერიოზული პრობლემები” და ზურაბ აზაშვილმაც სწორედ ამ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება” გუშინდელ ფეისბუქ-პოსტში.

მან უპასუხა კითხვას, რომელიც ექს მინისტრის განცხადებას ეხებოდა – ზურაბ აზარაშვილმა ახსენა „მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესები”.

გარდა ამისა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ „მინიმუმ 60 ექიმია ჩართული საეჭვო ონკოლოგიური წამლების შემოტანის სქემაში”.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ბრძოლა კარტელური გარიგებების თუ მსგავსი პროცესების წინააღმდეგ ისეთივე რეჟიმში გაგრძელდება”.

„ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს ეს პოლიტიკა. ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც დაწყებულია. ზურაბ აზარაშვილმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, როცა ის ჯანდაცვის მინისტრი იყო, მათ შორის იმ მიმართულებით, რაზეც მან ყურადღება გაამახვილა. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება“. – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ აზარაშვილს „გაწეული შრომისთვის” მადლობაც გადაუხადა და თქვა, რომ ერთადერთი პრობლემა მასთან დაკავშირებით „კომუნიკაციის მცირე, თუმცა, მნიშვნელოვანი პრობლემა” იყო.

4 მარტს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ფეისბუქზე” გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი და თანამდებობაზე ყოფნის საქმიანობა შეაჯამა.

მისი თქმით, „მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ინარჩუნებდა პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დატოვა დროებითი თანამდებობა”.

აზარაშვილმა დაწერა, რომ როცა მინისტრად დაინიშნა „ჯანდაცვის სექტორში მოცემულობა იყო კრიტიკულად რთული, სუსტი კონტროლით და სრული დერეგულაციით მიღებული სავალალო შედეგები კი – მყისიერად მოსაგვარებელი. ამას თან ერთვოდა კოვიდის მიმდინარე საფრთხეები; ზოგიერთი კლინიკის და ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად ფულის მიტაცების ცხადი ფაქტები”.