კომისიაზე გასასვლელ შშმ პირებს სტატუსი 1 აპრილამდე შეუნარჩუნდებათ | სამინისტრო

პუბლიკა

„პუბლიკასთან“ 25 იანვარს ჩაწერილ ინტერვიუში მშობელი რუსო შერვაშიძე ამბობდა, რომ მის შვილს შშმ სტატუსი, პენსია და სახელმწიფო დახმარება შეუჩერდა, რადგან უტრანსპორტობისა და უამინდობის გამო სტატუსის პერიოდულ შემოწმებაზე კომისიის წინაშე ვერ წარდგა.

როგორც დღეს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, თეა გვარამაძემ „პუბლიკასთან“ განაცხადა, უწყებაში უკვე მუშაობენ იმაზე, რომ შშმ პირებს სტატუსი 1 აპრილამდე შეუნარჩუნდეთ და მანამდე კომისიაზე გასვლა აღარ დასჭირდეთ, რადგან ზოგიერთ ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება კვლავ შეზღუდულია. მისივე თქმით, ამ შეფერხების მიუხედავად, გასაცემელს ყველა მიიღებს.

„შშმ პირებისთვის სტატუსის შენარჩუნების ვადა იყო შარშანაც გათვალისწინებული, როცა 1 ივლისამდე შეუნარჩუნდათ სტატუსებს მოქმედების ვადა, შემდეგ ეტაპზე უკვე შეუნარჩუნდათ მოქმედების ვადა 31 დეკემბრამდე და მერე კიდევ ცვლილება შევიტანეთ და  შეუნარჩუნდათ 2021 წლის 1 თებერვლამდე“, ამბობს თეა გვარამაძე.

უწყების წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ კომისიის გადავადებებს შორის, „რომელიმე წყვეტის დროს“, მართლაც, შეჩერებულიყო ზოგიერთი პირის სტატუსი, რადგან როგორც თავად ამბობს, ამ პრობლემით სამინისტროსაც მიმართა რამდენიმე ადამიანმა. მისივე თქმით, ამ პერიოდში სტატუსშეჩერებულებს სტატუსს კვლავ მიანიჭებენ.

„[სტატუსის გახანგრძლივების ვადად] 1 აპრილი განისაზღვრა, მთავრობაც განიხილავს და ძალიან მალე იქნება ეს ყველაფერი. ყველა ამ ადამიანს ჩვენ დავუკავშირდებით“, ამბობს გვარამაძე.