„თოვლია, უტრანსპორტობაა, ჩემს ბავშვს კი შშმ პირის სტატუსიც და პენსიაც შეუჩერეს“

პუბლიკა

„არც კი მიფიქრია, რომ პანდემიის პერიოდში შეიძლებოდა შეეწყვიტათ დახმარება“, – ამბობს ბათუმში მცხოვრები რუსო შერვაშიძე, რომლის შვილსაც იანვარში შშმ პირის სტატუსი შეუჩერეს, რადგან პერიოდულ შემოწმებაზე კომისიის წინაშე ვერ წარდგა. სტატუსთან ერთად, მისი თქმით, ბავშვს შეუწყდა შშმ პირთათვის განკუთვნილი 250-ლარიანი პენსია და სახელმწიფოს 100-ლარიანი დახმარებაც.

„და ასეთ პერიოდში, როდესაც ტრანსპორტი არ არის, თოვლია, გადაადგილება ჭირს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით… ჯერ უნდა მივიდეთ ოჯახის ექიმთან, რომელმაც უნდა მოგვიმზადოს ფორმა ასი. ოჯახის ექიმმა გვითხრა, რომ ჯერ მიგვეტანა ნევროპათოლოგის დასკვნა, შემდეგ კი უნდა ჩაინიშნოს კომისია. მერე უნდა წავიყვანო ბავშვი, რომელიც არ იკეთებს პირბადეს და სტრესულ გარემოში, თან შიშით,  თან ხელვაჩაურის რაიონში… არც ისე ახლოს არის ტერიტორიულად ის კლინიკა, სადაც შემოწმება უნდა გავიაროთ. თან ფასიანია, 75 ლარი უნდა გადავიხადოთ, რომ კომისია შედგეს. ძალიან დიდი დისკომფორტი და უსამართლობაა. ვფიქრობ, ან უნდა გადაიწიოს ვადები, ან უნდა შეიცვალოს“, – ამბობს რუსო შერვაშიძე.

მისივე თქმით, კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზთან ჰქონდა და სწორედ მათგან მიიღო ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ემოქმედა შვილისთვის სტატუსის დასაბრუნებლად. რუსო შერვაშიძე ასევე ამბობს, რომ იმ ადამიანებს, რომელთა დიაგნოზიც არ იცვლება, კომისიაზე გადამოწმება არ უნდა სჭირდებოდეთ.

„უსამართლობაა, როდესაც ისეთი დიაგნოზია, რომელიც არ იცვლება, ერთ ადგილას არის გაჩერებული და ეს დიანოზი რომ პერიოდულად მოწმდება კომისიის მეშვეობით… რომ დადგინდეს ისევ დიაგნოზი სხვადასხვა პერიოდში, ჩვენს შემთხვევაში არის მიკროცეფალია, მაგრამ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი შშმ სტატუსის მქონე ბავშვი 18 წლამდე პერიოდულად გადის ამ კომისიას. ხდება ხოლმე გადამოწმება და როდესაც ასეთი ამბავია, არ უნდა მოწმდებოდეს. შეიძლება, იყოს რაღაც ისეთი დიაგნოზი, რომელსაც სჭირდება შემოწმება, მაგრამ ამ შემთხვევაში და ასეთ პერიოდში, როდესაც ტრანსპორტი არ არის, თოვლია, გადაადგილება ჭირს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით…“, – ამბობს „პუბლიკასთან“ მშობელი.

22 იანვარს ორგანიზაციის „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელმა, მარი კორკოტაძემ მთავრობას საჯაროდ მიმართა შეკითხვით: თუკი წინა კარანტინის დროს ეს გამონაკლისი დაუშვეს, ამ პერიოდში რატომ აღარ არის ასე.

„თქვენ რომ არასწორად მუშაობთ, რატომაა ეს შშმ პირების პრობლემა და რატომ უნდა აგონ მათ პასუხი თქვენ არაკომპეტენტურობაზე?! რატომ არ გადაუვადეთ ამ ადამიანებს სტატუსის გადასამოწმებლად კომისიაზე გასვლა, მაშინ როდესაც არ არსებობს ტრანსპორტი, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდეს ადამიანი?! წინა კარანტინის დროს თუ იყო დაშვებული ეს გამონაკლისი, ახლა რატომ არ არის? ოღონდ, ახლა არ მითხრათ, რომ მაშინ საგანგებო ვითარება იყო გამოცხადებული და ახლა წერტილოვანი აკრძალვა გამორიცხავს იმავე გამონაკლისის დაშვებას.

პ.ს. ადამიანისთვის, რომლისთვისაც ერთადერთი შემოსავლის წყარო შეიძლება მისი პენსია იყოს, რა ნამუსით უწყვეტთ პენსიას და ტოვებთ მშიერს ამ გაგანია პანდემიის დროს?!“, – მიმართა მარი კორკოტაძემ მთავრობას.

„პუბლიკა“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს 22 იანვარს მიმართა შეკითხვით: რამდენ ბავშვს შეუჩერდა შშმ პირის სტატუსი პანდემიით განპირობებული შეზღუდვების პერიოდში და ამ ვითარების გათვალისწინებით, რატომ არ გადაავადა კომისიაზე შემოწმების პროცედურა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება: სამინისტროსგან 26 იანვარს მიღებული პასუხი იხილეთ ბმულზე.