კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს მთავრობის ადმინისტრაციასთან დღესაც აპროტესტებენ

პუბლიკა

კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები მთავრობის ადმინისტრაციასთან დღესაც გააპროტესტეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, უნდა შემსუბუქდეს აკრძალვები, რომლებიც განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას და ლახავს ადამიანთა უფლებებს. მათი მოთხოვნებია: შემსუბუქდეს კომენდანტის საათი; შემცირდეს საათობრივი შეზღუდვა და ქვეითად მოსიარულეებისათვის თავისუფალი იყოს გადაადგილება; განახლდეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა და სხვა.

„ჩაკეტილი ვარ ვერ ვმუშაობ. ბამბის ნაყინს ვყიდი, რითაც წამალსაც ვყიდულობდი და პურსაც. დავრჩი უმუშევარი, მეშინია, რომ ჯარიმა არ დამიწერონ და ვერ ვმუშაობ. ვარ გამოკეტილი. მარტო მაღაზიაში ჩავდივარ, პური რომ ვიყიდო და ავდივარ სახლში”, აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე „რადიო თავისუფლებასთან”.

„რეალობამ გვიკარნახა, რა უნდა ყოფილიყო ამ შეკრებების სახელი. დიახ, ეს არის ნამდვილი სოციალური აფეთქება, გარდაუვალია სხვანაირად. ამ ხელისუფლებამ ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა. მათ ვერ შეძლეს კრიზისის წესივრად მართვა, ვერაფერი შესთავაზეს მოქალაქეებს, გარდა იმისა, რომ გამოკეტეს ყველანი სახლში… მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მოვითმინეთ და არც ერთი აქ წარმოდგენილი ბიზნესიდან ხმა არავის ამოუღია გაზაფხულზე. გმირულად ითმენდა ყველა და მოთმინებით ელოდა, როგორ განვითარდებოდა მსოფლიოში მოვლენები…“, აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სიტყვით გამოსვლისას.

თბილისში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები წინა დღეებშიც გააპროტესტეს.