ლატვიაში რუსული სამხედრო აგრესიის სიმბოლო „Z"-ის გამოყენება აიკრძალა

პუბლიკა

ლატვიაში რუსეთის არმიის მხარდამჭერი სიმბოლიკის, ასო „Z-ის“ საჯარო გამოყენება აიკრძალა. Reuters-ის ინფორმაციით, ლატვიის პარლამენტმა შესაბამის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

აკრძალვა ეხება „V“ სიმბოლოსაც, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ომთან მიმართებაში იყენებს.

ლატვიის პარლამენტმა დაადგინა, რომ ომის მხარდასაჭერად სიმბოლოს საჯაროდ გამოყენებისთვის ფიზიკური პირი 350, ხოლო იურიდიული პირი – 2 900 ევროთი დაჯარიმდება.

„რუსეთის სამხედრო ქმედებების დაგმობისას, ჩვენ მყარად უნდა ვიდგეთ იმ პოზიციაზე, რომ სიმბოლოების, რომლებიც გამოხატავს მხარდაჭერას რუსული აგრესიის მიმართ – როგორიცაა „Z“, „V“ ან სხვა, მათი ადგილი საჯარო სივრცეში არაა“, – განაცხადა ლატვიის პარლამენტის დეპუტატმა არტუს კაიმინსმა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პირები, რომლებიც გერმანიაში ასო „Z“-ს საჩვენებლად გამოფენენ, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერა გამოხატონ, სისხლისსამართლებრივ დევნას შეიძლება დაექვემდებარონ.


უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრის შემდეგ რუსი სამხედროები სიმბოლო „Z“-ს იყენებენ. ამავე სიმბოლოს იყენებს რუსეთის სამთავრობო უწყებები და ადამიანები, რომლებიც ომში რუსეთის ქმედებებს უჭერენ მხარს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ აკრძალონ „Z“ სიმბოლოს გამოყენება.

რამდენიმე დღის წინ ენმ-ის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ კარგი იქნება საქართველოს პარლამენტმაც იმსჯელოს რუსული აგრესიის სიმბოლოს „Z“-ის კრიმინალიზებაზე.