დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა, რომ ამის მიზანი „პოლარიზაციის დასრულება, არსებული უმძიმესი პოლიტიკური ვითარების განმუხტვა და ქვეყნისთვის ახალი პოლიტიკური სივრცის გახსნაა“.
ლანა გალდავამ თქვა, რომ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი და პოლარიზაცია ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის, ამავდროულად, მან მოიყვანა პატიმრების სტატისტიკა და ის, რომ 2025 წლის ბოლოსთვის საპატიმროში იმყოფებოდა 11 153 ადამიანი.
მისი განცხადებით, პენიტენციური სისტემის სასწრაფო და ფუნდამენტური რეფორმა კრიტიკულად აუცილებელია.
„მძიმე მდგომარეობაშია პატიმართა უფლებები, კვების პირობები, ყოველდღიური ყოფა და უსაფრთხოების გარემო. ციხეებში კვლავ გაიზარდა ქურდული სამყაროს გავლენა.
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები: ციხის ხელმძღვანელის თვითმკვლელობა და პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნების დაკავებები პირდაპირ მიუთითებს, რომ სისტემა მძიმე კრიზისშია და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი ფაქტობრივად შესუსტებულია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოს ციხეები სავსეა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანებით.
„ყოველდღიურად მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება დრაკონული და ანტიდემოკრატიული კანონების საფუძველზე – კანონების, რომლებიც ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას უზღუდავს.
აქციების დროს დაკავებული სინდისის პატიმრები რეალურად პოლიტიკური ნიშნით იხდიან სასჯელს. ეს არ არის სამართალი, ეს არის პოლიტიკური დევნა.
ამიტომ მიგვაჩნია, რომ ფართომასშტაბიანი და სამართლიანი ამნისტია უნდა გახდეს საზოგადოების შერიგების, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და ჰუმანური სახელმწიფოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, – თქვა ლანა გალდავამ.