ლევან ბერძენიშვილმა „რესპუბლიკური პარტია" დატოვა

პუბლიკა

ლევან ბერძენიშვილმა „რესპუბლიკური პარტია” დატოვა, – ამის შესახებ მან „პუბლიკას” განუცხადა.

როგორც ის ამბობს, არ ეთანხმება პარტიის გადაწყვეტილებას შესულიყო ფრაქციაში – „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი”.

„რესპუბლიკური პარტია” ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის პარტიაა საქართველოში და ის 1987 წელს სწორედ ლევან ბერძენიშვილმა,  და თანამოაზრეთა მცირე ჯგუფმა დააფუძნა.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ პარტია დატოვა თამარ კორძაიამაც.

გადაწყვეტილების მიზეზად კორძაია პარტიასთან აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს. კერძოდ, თამარ კორძაიას თქმით, მას მიაჩნდა, რომ პარლამენტში საქმიანობა ხათუნა სამნიძესთან ერთად უფრაქციოდ, დამოუკიდებლად უნდა გაეგრძელებინა.


გუშინ, 3 ივნისს ცნობილი გახდა პარლამენტში ახალი ფრაქციის ფორმირების შესახებ.

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ – ამ სახელწოდების ფრაქციაში გაერთიანდნენ „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე, ტარიელ ნაკაიძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები.