მაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება პროვოკაცია გამყოფ ხაზთან, რომელიც დაბრალდება ოპოზიციას - სააკაშვილი

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

სხდომის დაწყების წინ მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა ითხოვა, რა დროსაც ისაუბრა იმაზე, რომ იგეგმება პროვოკაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც შემდგომ დაბრალდება ოპოზიციის ნაწილს.

მისი თქმით, ამის შესახებ მან ინფორმაცია მიიღო სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური სამსახურებიდან.

„მომივიდა ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური სამსახურებიდან, მათ შორის ერთ-ერთი სოლიდური ქვეყნის სპეცსამსახურიდან, რომ მზადდება ძალიან დიდი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. თქვენ ხედავთ, მუდმივად არის ლაპარაკი, რომ საქართველოში არის ომის პარტია.

მე ომი მეზიზღება ყველაზე მეტად პიროვნულად და დარწმუნებული ვარ, ომი ეზიზღება ყველა ნორმალურ ადამიანს. თუ თქვენ დააკვირდებით, ომზე არ საუბრობს არავინ, გარდა მთავრობისა და მთავრობის ერთი ჯგუფისა, ხელისუფლებიდან. ეს სერიოზული დაფიქრების წყაროა და მე ახლა მივხვდი და ახლა გავშიფრე, რას ფიქრობენ და აპირებენ, იმ ინფორმაციით რაც მივიღე.

საუბარია იმ გეგმაზე, რომლის თანახმადაც იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რის შემდეგაც ეს პროვოკაცია დაბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს. ამის შემდეგ რუსეთის მთავრობა მოსთხოვს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს მთავრობა მზად იქნება, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და შემდეგ დაერიოს და დაასუსტოს საქართველოში ოპოზიციის საქმიანობა. ეს არის, რაც იგეგმება“, –  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

 

LB loan image desktop LB loan image mobile