მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება – აპელაციის შედეგები ცნობილია

პუბლიკა

პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს  აპელაციის შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ.

შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 2 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული 26 600-მდე აპლიკანტიდან 15 000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

ცენტრის ინფორმაციით, გასწორებული  27 000-ზე მეტი ნაშრომიდან გასაჩივრდა 2 900-ზე მეტი. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ მათი ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა 1 300-ზე მეტ ნაშრომს.

შედეგების თაობაზე ცნობის ასაღებად აპლიკანტებმა განცხადებით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, კრედიტქულებსა და სტატუსთან დაკავშირებით კი  – „მასწავლებლის სახლს“.

წელს პრაქტიკოს მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება,  მასწავლებლობის მსურველებს კი საგნის გამოცდის ჩაბარების უფლება მეორედ მიეცათ. წელს პირველად ტესტირება ივლისში, ხოლო მომდევნო ჯერზე ნოემბერში გაიმართა.

 ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე, გასულ წელთან შედარებით, ახალ პროფესიაში შემსვლელთა რაოდენობა გაზრდილია 13 %-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით – თითქმის 23 % -ით.