Meduza: 2 კვირაზე მეტია, საქართველო ხერსონელი ყოფილი პატიმრების შეშვებაზე უარს ამბობს 

პუბლიკა

რუსული გამოცემა Meduza წერს, რომ უკვე 25 ოქტომბრის მდგომარეობით, 14 დღეა, საქართველო უარს ამბობს, ქვეყნის ტერიტორიაზე შეუშვას უკრაინის მოქალაქე ყოფილი პატიმრები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანეს. 7 ადამიანი მთელი ეს დრო ზემო ლარსის გამშვები პუნქტის მიმდებარედ იცდის.

მათ საქართველოს გავლით უკრაინაში დაბრუნება სურთ.

უკრაინელ ყოფილ პატიმრებს გამშვები პუნქტის შენობის იატაკზე სძინავთ, საკვებით კი მოხალისეები უზრუნველყოფენ. ერთ-ერთმა მათგნმა პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენა. მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შვიდივე ყოფილი პატიმარი სასჯელს ხერსონის კოლონიებში იხდიდა. თუმცა, 2022 წლის შემოდგომაზე, როცა რუსულმა ჯარებმა ქალაქი დატოვეს, რუსეთის საპყრობილეებში გადაიყვანეს. როგორც ერთ-ერთი მათგანი ჰყვება, მისი და სხვების გათავისუფლების შემდეგ ისინი ვოლგოგრადში, სადეპორტაციო ცენტრში გადაიყვანეს და რუსეთში შესვლა 7 წლით აუკრძალეს.

The New York Times-ის ცნობით, ხერსონიდან რუსეთის ტერიტორიაზე 2022 წელს 2500 პატიმარი გადაიყვანეს.

„ჩვენ ყველანი უკრაინის მოქალაქეები ვართ და ახლა უბრალოდ სახლში დაბრუნება გვინდა”, – ეუბნება „მედუზას” მეორე ყოფილი პატიმარი.

ორგანიზაცია Volunteers Tbilisi, რომელიც ეხმარება უკრაინელ ლტოლვილებს თბილისში, „მედუზას” ეუბნება, რომ კაცებმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა პირველად 11 ოქტომბერს სცადეს. თუმცა, უარი მიიღეს. მესაზღვრეებმა მიზეზად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციის მიღების საჭიროება დაუსახელეს.

ამ ეტაპზე 7-დან მხოლოდ 4-ს აქვს უკრაინული პასპორტი, დანარჩენი 3-ს კი აქვს დოკუმენტი რუსული კოლონიიდან გათავისუფლების შესახებ.

გამოცემა წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველო უკრაინელ ყოფილ პატიმრებს ქვეყანაში შეშვებაზე უარს ეუბნება – მიმდინარე წლის აგვისტოში ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან 6-მა ადამიანმა 10 დღე გაატარა.