მერია: ვარკეთილისა და ავლაბრის მეტროსადგურების რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დასრულდება

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“  და „ავლაბრის“ რეაბილიტაცია 2024 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.

კალაძის თქმით, „ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა ფიქსირდებოდა, რადგან ტენდერში მონაწილეობის სურვილს არცერთი  კომპანია არ გამოთქვამდა.

„სავარაუდოდ, არავის უნდოდა პასუხისმგებლობის აღება ამხელა მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაზე, თუმცა მოიძებნა კომპანია, რომელიც ამჟამად ასრულებს სამუშაოებს და რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მეტროსადგურ „ავლაბარს“, თბილისის მერის თქმით, თავდაპირველ პროექტში ცვლილებების საჭიროება მეტროსადგურის ვესტიბიულის დემონტაჟმა განაპირობა. იმ შემთხვევაში, თუ პროექტში დამატებითი პრობლემა არ შეიქმნება, აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია, კალაძის განცხადებით, ზაფხულში დასრულდება.

„რეაბილიტაციის პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რადგან არსებული ვესტიბიულის დემონტაჟი განხორციელდა, რომელიც ძალიან მძიმე, ავარიულ მდგომარეობაში იყო. ზოგადად, რეაბილიტაციის ნებისმიერი პროექტის დროს, პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის, რეალურად რა ხდება, რა მდგომარეობაა ადგილზე. როდესაც უშუალოდ სამუშაოები ხორციელდება, უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგებით. თუ რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეიქმნა, მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაციაც ზაფხულში დასრულდება“, – თქვა მერმა.


აღსანიშნავია, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია დაიწყო და დასრულდა დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, 2017 წლის შემოდგომაზე. რემონტის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, 2018 წლის 30 იანვარს მეტროსადგურში ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა.

2018 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ვარკეთილის მეტროსადგურის რემონტისთვის ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. საერთო ჯამში, მე-7 წელია, რაც ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ჯერ კიდევ 2019 წელს, ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევიდან 1 წლის შემდეგ, კახა კალაძემ განაცხადა „ერთი წელი გავიდა, ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია. სირცხვილია”.