მიიჩნევა კი ასეთი ქცევა ევროპული პოზიციისთვის სასარგებლოდ? - გალერი ჩანაწერებზე

პუბლიკა

გერმანელი ევროპარლამენტარი მაიკ გალერი გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით Twitter-ზე წერს.

„ვითხოვ გარკვევას „ქართული ოცნებისგან“, მიიჩნევა თუ არა ასეთი ქცევა საქართველოს ევროპული პოზიციისთვის სასარგებლოდ…”- წერს ის და ტელეკომპანია „ფორმულას“ ბმულს ურთავს, სადაც რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს.


25 აპრილს გავრცელდა ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი რუს სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არაა. ჩანაწერების მიხედვით, ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილის ეუბნება, რომ საქართველოში ჩამოსულია მისი წარმომადგენელი და სთხოვს, რომ მას შეხვდეს.

ბიძინა ივანიშვილი კი პასუხობს, რომ მის წარმომადგენელს პრემიერს შეახვედრებს, რადგან „ახალგაზრდა ბიჭია და ყველაფერს მიხედავს“.

ჩანაწერი youtube-ზე მომხმარებელმა cyber kmara-მ გამოაქვეყნა. ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს. 25 აპრილს ატვირთული ახალი ჩანაწერის მიხედვით კი 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი.