მოსამართლე მიიჩნევს, რომ კოლეგებისგან საჯარო კრიტიკამ სასამართლოს ნდობას საფრთხე შეუქმნა

პუბლიკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ნინო სანდოძე მიიჩნევს, რომ მოსამართლეების მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები სასამართლო სისტემის ლეგიტიმაციის შესამცირებლადაა მიმართული.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა კანდიდატს ჰკითხა, აქვს თუ არა მოსამართლეს თმენის განსაკუთრებული ვალდებულება, რაზეც კანდიდატმა დადებითი პასუხი გასცა.

გიორგი ამილახვარი: სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებას, ვგულისხმობ, როდესაც უკიდურესად კრიტიკული, მათ შორის, შეურაცხმყოფელიც შესაძლოა, სხვადასხვა განცხადება ისმის და კეთდება სხვადასხვა პირისგან კონკრეტულ მოსამართლეზე ან სასამართლოზე, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტულად თქვენზე?

ნინო სანდოძე: ცხადია, მოსამართლეებს გვაქვს თმენის განსაკუთრებული ვალდებულება და ეს ვალდებულება… მოსამართლეები, ზოგადად, თეორიებსა და დოქტრინებში უთანაბრდება საჯარო პირებს და ეს თმენის ვალდებულება არის ძალიან მაღალი ხარისხის. […] ერთადერთი, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, არის ისეთი შეურაცხყოფა სასამართლო პროცესის განხილვის დროს, რაც საფრთხეს უქმნის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას, ეს გამოხატვა არის შეზღუდული.

რაც შეეხება მოსამართლეების მიმართ შეურაცხყოფას თუნდაც რაღაც კლიპების მეშვეობით… ეს უკავშირდება, ჩემი აზრით, იმ მიზანმიმართულ მოქმედებებს, რომლებიც არის გრძელვადიანად მიმართული სასამართლო სისტემის ლეგიტიმაციის შესამცირებლად…

გიორგი ამილახვარი: ამ შემთხვევაში, რასაც თქვენ ახსენებთ, აქვს მოსამართლეს უფლება, გამოვიდეს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს?

ნინო სანდოძე: ამასთან დაკავშირებით მახსენდება ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს 2015 წლის ერთ-ერთი რეზოლუცია, სადაც მითითებულია, რომ მოსამართლეებს აქვთ თმენის ვალდებულება, მის მიმართ გამოხატულ კრიტიკასთან დაკავშირებით პირადად პოზიცია არ უნდა გამოხატონ. ამისთვის არსებობს სპეციალური საბჭოები, ასოციაციების ხელმძღვანელები, ვინც უნდა გამოვიდეს და დააფიქსიროს პოზიცია. კონკრეტული მოსამართლის  გამოსვლა და პოზიციის დაფიქსირება ხელს შეუშლის… მაგალითი მოვიყვანოთ, ჩვენ ყველა შევესწარით ახლო წარსულში კლიპებს „მოსამართლე კლავს“. მოსამართლეები რომ გამოვიდნენ პირადად და თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ, ხომ საფრთხეს შეუქმნის იმ საქმეზე მათ ლეგიტიმურობას?

გიორგი ამილახვარი: თქვენს ლოგიკას რომ გავყვეთ, როდესაც მოსამართლე საჯაროდ აფიქსირებენ თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს, რომლებმაც შესაძლოა გარკვეული საფრთხე შეუქმნას სასამართლოს იმიჯს, ამ შემთხვევაში აქვს თუ არა ამ მოსამართლეს თამამი განცხადებების გაკეთების უფლება, როგორიც ბოლო ხანებში გვესმის თქვენი კოლეგებისგან და სხვა დანარჩენმა მოსამართლეებმა, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან, უნდა დააფიქსირონ თუ არა თავიანთი პოზიცია კოლეგა მოსამართლეებზე?

ნინო სანდოძე: ვთვლი, სხვა კოლეგა მოსამართლეებმა კრიტიკის თვალსაზრისით ეს არ უნდა დააფიქსირონ. ოღონდ მე გავმიჯნავ იმ საკითხს, რამდენად აქვს მოსამართლეს უფლება, გამოხატოს თავისი პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ საკითხებზე შეხედულება. ვთვლი, რომ მოსამართლემ ეს შეხედულება ასე ღიად და საჯაროდ არ უნდა გამოხატოს და რატომ: არსებობს მოსამართლეთა თვითმმართველობა, იუსტიციის საბჭო და თუ მოსამართლე თვლის, რომ კონკრეტული პოზიცია სცილდება მოსამართლეთა თუნდაც ასოციაციის ან ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას, ჩემი აზრით, მოსამართლემ პირველად უნდა მიმართოს ამ უწყებას, თავისი აზრი მიაწოდოს და უწყება იმსჯელებს შემდგომში მის პოზიციაზე და შეიძლება სხვა განცხადება გამოაქვეყნონ და არა თავად გამოვიდნენ და საჯაროდ გააკეთონ განცხადება. შეიძლება ჩემი ეს პოზიცია ბევრ კოლეგას არ მოეწონოს.

როდესაც ასეთი განცხადება გაჟღერდა, მივიღეთ საზოგადოებისგან, მედიისგან მესიჯები – ამბოხია სასამართლო სისტემაში. ეს მთლიანობაში სამართალწარმოებას და სასამართლოს უქმნის საფრთხეს.

გიორგი ამილახვარი: შეფასებებს გულისხმობთ? მოსამართლეების განცხადებების შეფასებები, რომლებიც გაკეთდა სხვადასხვა პირისგან, ეს უქმნის საფრთხეს?

ნინო სანდოძე: არა, მოსამართლეების განცხადებებმა პოლიტიკურზე და ისეთ საქმეებზე გაკეთებულმა განცხადებებმა შემდგომში შეუქმნა საფრთხე, ვინაიდან ასე აღიქვა საზოგადოებამ, რომ ამბოხია სასამართლოში და ეს სასამართლოს ნდობის საკითხს უქმნის საფრთხეს.

გიორგი ამილახვარი: მოსამართლეები, რომლებიც არ ეთანხმებიან, საჯაროდ უნდა აფიქსირებდნენ ამ პოზიციას?

ნინო სანდოძე: საჯაროდ დაფიქსირება, ისევ ვფიქრობ, რომ იმ ორგანომ უნდა დააფიქსიროს…

გიორგი ამილახვარის მომდევნო შეკითხვის საპასუხოდ მოსამართლე ამბობს, რომ სასამართლოს ნდობა აქვს, თუმცა ამ ნდობის აღქმა საზოგადოებაში პრობლემურია.

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის შეკითხვის საპასუხოდ კი მან თქვა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში გავლენიანი ჯგუფი, ე.წ. კლანი არც წინა და არც ამჟამინდელი ხელისუფლების დროს არ ყოფილა და მოსამართლის გადაწყვეტილებებზე გავლენას/ზეწოლას არავინ ახდენს.

მოსამართლე ნინო სანდოძე ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატიდან, რომელთაც პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე დღეა უსმენენ.


4 ნოემბერს გავრცელდა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლობების შეფასებები მოსამართლეთა კონფერენციაზე „გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია“.

იმავე დღეს, 4 ნოემბერს ამ განცხადებას გაემიჯნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე. პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა და საბოლოოდ, კომიტეტის განცხადებას 20-ზე მეტი მოსამართლე გაემიჯნა.

31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა მოსამართლეთა XXX კონფერენცია, რომელზეც საბჭოს 2 მოსამართლე წევრი აირჩიეს, რადგან თამარ ონიანმა  და თეა ლეონიძემ საბჭო ვადაზე ადრე დატოვეს.

მოსამართლეთა კონფერენციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტების, აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებისა და საქართველოს პრეზიდენტის უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

LB loan image desktop LB loan image mobile