მურთაზ ზოდელავა „ვივამედშია“ გადაყვანილი

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა სამოქალაქო პროფილის კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი.

მურთაზ ზოდელავას ჰოსპიტალიზების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა. სააკაშვილმა დაწერა, რომ ზოდელავამ საკანში „ორჯერ გადაიტანა ინსულტი“.

„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩახიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ზოდელავა თავბრუსხვევის დიაგნოზით 4 დღის წინ შეიყვანეს და კვლევები ჩაუტარეს. მისი თქმით, ინსულტი არ დადასტურებულა.

„მურთაზ ზოდელავა არის ჩვენი პაციენტი და იმყოფება „ვივამედში“. ჩვენთან შემოსულია თავბრუსხვევის დიაგნოზით, უკვე მე-4 დღეა. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, ინსულტი არ დადასტურებულა“, – განუცხადა „პუბლიკას“ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.

მურთაზ ზოდელავას ცოლმა მაია მუმლაძემ „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ ზოდელავა კლინიკაში ჯანრმთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შევიდა, თუმცა ამ ეტაპზე კვლევებით ინსულტი დადასტურებული არ არის.

„მაქვს კონტაქტი და კოორდინაცია მედპერსონალთან, ასევე პენიტენციური დაწესებულების ჯანდაცვის დეპარტამენტთან. შევიდა ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით, ამ ეტაპზე ინსულტი არ დადასტურებულა. რაც შეეხება გადატანილ ნაწილს – როდის მოხდა აღნიშნული, ჩემთვის უცნობია და ექიმებიც ვერ ამბობენ დადასტურებით, თუმცა რაღაც კერა იყო ნაპოვნი. ახლა არ არის აქტიური კერა, შესაბამისად, ახლა ამ მდგომარეობაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. ახლა მიმდინარე მდგომარეობით, ამ ეტაპზე ინსულტი დადასტურებული არ არის. ალბათ, უახლეს პერიოდში კლინიკიდან გაეწერება,“ – უთხრა მაია მუმლაძემ IPN-ს.

სააკაშვილის გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს პენიტენციური სამსახური:

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მსჯავრდებულ ინსულტი არ გადაუტანია.

მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას მიერ წარმოდგენილი ჩივილების შესაბამისად, იგი გადაყვანილ იქნა კლინიკა ვივამედში დიაგნოზის დასმის მიზნით, კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა.

მიუხედავად მსჯავრდებულის მოთხოვნისა, რომ დაბრუნებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში, იგი მოთავსებულ იქნა კლინიკაში შემდგომი დინამიკური დაკვირვების მიზნით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნებისმიერ პირს თავი შეიკავოს მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, – წერს პენიტენციური.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მურთაზ ზოდელავას მეგობარი ნიკა გვარამია წერს, რომ მურთაზ ზოდელავას არ სურს, მისი ჯანმრთელობის საკითხს რამე პოლიტიკური სარჩული მიაკერონ.

„გუშინ ვიყავი მურთაზ ზოდელავასთან შესული ვივამედში. ჩემი უახლოესი მეგობარია, მისი მეჯვარე ვარ და შვილის ნათლია.

რამე განცხადება საჭირო რომ ყოფილიყო, გააკეთებდა ოჯახი სხვისი დახმარების გარეშე. კაცის ჯანმრთელობის საკითხი წყდება და არაა საჭირო პოლიტიკური სარჩულის მიკერება, თან მისი თანხმობის გარეშე.

მეტიც, ის თავად კატეგორიული წინააღმდეგია ამის, მათ შორის და პირველ რიგში, იმიტომ, რომ მისი ხანდაზმული მშობლებისთვის ეს საკითხი ძალიან მგრძნობიარეა და საჯარო წყაროებით ამგვარი ინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

მურთაზი თავს ნორმალურად გრძნობს. კლინიკა ძალიან ყურადღებიანია მის მიმართ და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში წარიმართება პაციენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე“, – წერს ის.

მურთაზ ზოდელავას 2026 წლის 7 მაისს 4 ოქტომბრის საქმეზე 7 წელი მიესაჯა.

მას ბრალი ედებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობაში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში.