NGO-ები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

პუბლიკა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების ხელყოფის ფაქტები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც მასობრივად გაგრძელდა.

“ბორდერიზაციის პარალელურად საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ ადამიანთა უკანონო და თვითნებური დაკავებების მანკიერი პრაქტიკა დაიწყო. ყოველწლიურად ასობით საქართველოს მოქალაქე ხდება გატაცების მსხვერპლი, მათ შორის ქალები და ბავშვები. შედეგად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანებს ყოველდღიურად შიშში უწევთ ცხოვრება და მათი უსაფრთხოება და კეთილდღეობა საფრთხის ქვეშაა.

არსებულ მდგომარეობას ამწვავებს მოსახლეობას შორის ინფორმაციის ნაკლებობა იმის შესახებ, თუ სად გადის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი. უმეტეს შემთხვევაში, გატაცებულებს ადმინისტრაციული წესით აკავებენ და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. თუმცა, ბოლოწლებში გახშირდა სისხლის სამართლებრივი წესით დაკავების შემთხვევებიც, რა დროსაც დაკავებულებიწლების განმავლობაში რჩებიან ტყვეობაში. ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო დაკავებების მანკიერი პრაქტიკის პარალელურად ვხვდებით ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების შემთხვევებსაც, როგორიცაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა ან/და სხეულის დაზიანებების შემთხვევები.” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების დროულ წარმოებას, რომელიც ომის დროს მომხდარ დანაშაულებს 2016 წლიდან იძიებს.

“ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

საქართველოს ხელისუფლებას:

  • გამოიყენოს ყველა შესაძლო მექანიზმი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიისოკუპაციის დასრულების და ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებების ხელყოფის შესაჩერებლად;
  • გააძლიეროს შერიგებისა და დიალოგის გზით კონფლიქტის მოგვარება და შეიმუშაოს მკაფიო პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება კონფლიქტების ტრანსფორმაციის, ადამიანის უფლებების და კეთილდღეობის დაცვისკენ;
  • გააუქმოს საოკუპაციო ხაზთან და მის მიმდებარე სოფლებში მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისადა პოლიტიკოსების დაშვების ბლანკეტური აკრძალვა და შეიმუშავოს ობიექტურ კრიტერიუმებზედაფუძნებული მიდგომები;
  • გააძლიეროს ძალისხმევა იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად;

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს:

  • უზრუნველყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარი ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ შესაძლო დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიების გონივრულ ვადაში დასრულება და დაკავების ორდერების გამოცემა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებელი ჩადენილ დანაშაულებში.
  • რუსეთის ფედერაციას, როგორც ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს:
  • შეწყვიტოს ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევები, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას;

საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას:

  • გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უფლებების მასობრივი დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი წარმომადგენლობის სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად.