ნუკრი ქანთარია: ფაქტობრივად, ბალეტის ჟანრში დაიშალა ეს პიკეტები

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას შეფასებით, პარლამენტის პიკეტი სპეცრაზმმა მაღალი პროფესიული სტანდარტით, ფაქტობრივად, „ბალეტის ჟანრში“ დაშალა.

„თქვენ ნახეთ, რომ ფაქტობრივად, ბალეტის ჟანრში დაიშალა ეს ბლოკირებები და ეს პიკეტები, იმდენად სუფთად და მაღალი სტანდარტით იყო ძალოვნებისგან ეს“, – თქვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნუკრი ქანთარიას თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მმართველი პარტია საპარლამენტო სესიებს ყველა შემთხვევაში ჩაატარებს.

დეპუტატის თქმით, ძალოვანი სტრუქტურები მაღალ დონეზე მუშაობდნენ, მათ შორის, 20 ივნისსაც.

„სად იყო დარბევა? ის იყო დარბევა? დარბევა არ გინახავთ? 20 ივნისს იყო დარბევა?.. ვისაც უნდა, სადაც უნდა, როგორც უნდა იმას ლაპარაკობს. მაგრამ თუ გადასცდება კანონს და თავით შეეჯახება, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ ადეკვატურ პასუხს მიიღებს.

მათ ახლა მოინდომონ პარლამენტის ბლოკირება, რომ სესიები არ ჩატარდეს და შეფერხდეს მუშაობა და განსაკუთრებით ვამბობ, რომ ბიუჯეტის მიღება სერიოზული რამეა, მოგეხსენებათ. ეს უნდათ, რომ ამ სიბრტყეში გადაიტანონ და ეს ვერ გამოვა. რამდენად არიან ახლა ისინი მზად, აი, ამ ძიძგილაობისთვის ერთმანეთთან ჭყლეტისთვის, ეს სხვა რამეა“, – თქვა ქანთარიამ.

ნუკრი ქანთარიას აზრით, ახლა არც დეპუტატების ნაწილის უმრავლესობიდან გასვლა იყო სწორი. „მე მიმაჩნია, რომ ამჟამად ეს გასვლები სახელმწიფოებრივად არ იყო სწორი. ეს იყო მათი ემოციური ნაბიჯები“, – თქვა დეპუტატმა, რომლის აზრითაც, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდება იყო სამწუხარო, მაგრამ არც ისე განსაკუთრებული მოვლენა.

„საერთოდ არის სამწუხარო, როცა პირობა გაგექცევა, მარა ეს არ არის აპოკალიფსის წინაპირობა. ახლა უკეთესი იქნებოდა, რომ მაჟორიტარებს, რომლებმაც ხმა არ მისცეს პროპორციულზე გადასვლის პროექტს, განხილვების დროსაც ეთქვათ… მაგრამ როგორც ამბობენ, სწორედ ხალხთან შეხვედრების დროს გაუჩნდათ ეს რწმენა, რომ არ შეიძლება გადასვლა“, – თქვა ქანთარიამ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების წინააღმდეგობის გამო 14 ნოემბერს კონსტიტუციური კანონპროექტი ჩავარდა, რომლითაც საქართველოში 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნები უნდა გამართულიყო. პროპორციული არჩევნების დაპირება მმართველმა პარტიამ საზოგადოებას 20 ივნისის მოვლენების შემდეგ მისცა.

კანონპროექტის ჩავარდნა სხვადასხვა ოპოზიური პარტიის მხარდამჭერებმა და მოქალაქეებმა პარლამენტთან გააპროტესტეს. ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტი დაიწყო, რომელიც 18 ნოემბერს სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.