„ოცნება“ პრინციპულად მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმების დოკუმენტს - თალაკვაძე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პრინციპულად მზად არის, შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

„დენიელსონის მოდერაციით გამართულ დიალოგზე ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ პრინციპულად მზად არის, შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწეროს და დიალოგი პოზიტიურად დავასრულოთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი მზადყოფნა არსებობს.

იმედი მაქვს, ოპოზიცია საკუთარ პასუხებს და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს და გარკვეულ ნაწილში გადააფასებს. სახეზეა საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომლის მიხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილი ბოიკოტს მხარს არ უჭერს. ქვეყანაშიც სახეზეა ის საჭიროებები, რომლებსაც პოლიტიკურმა სისტემამ უნდა უპასუხოს. ეს არის ეკონომიკის აღდგენის საჭიროება, სიღარიბის შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნის საჭიროება, პანდემიის და ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად მართვა და ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის განუხრელად განხორციელება, რაშიც მთელი პოლიტიკური სისტემის როლი არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მან .