„Finita la commedia" - ოკმელაშვილი სააპელაციომაც დამნაშავედ ცნო

პუბლიკა

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

„Finita la commedia!” [კომედია დასრულდა] – თქვა ოკმელაშვილმა მოსმართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გიორგი ოკმელაშვილის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა.

დღეს გამართულ პროცესზე ოკმელაშვილმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა:

„ბატონო მოსამართლე, შეგახსენებთ ჩემი იქ [აქციაზე] ყოფნის მიზეზს – იმ დროს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელსაც ჩვენ ვეძახდით რუსულს. რატომ ვეძახდით რუსულს ახლა მაგას გეტყვით – იმიტომ, რომ რუსებს მოსწონდათ ეგ კანონი და ჩვენს ევროპელ მეგობრებს არ მოსწონდათ, მარტო მაგიტომ ვეძახდით რუსულ კანონს.

ამ ყველაფრის ფონზე მივედით და გამოვხატავდით ჩვენს პროტესტს. იქ მყოფ პოლიციელებს ხმამაღლა ვეძახდით „რუსების მცველებს”, რაზეც ისინი ბრაზდებოდნენ, გადმოდიოდნენ და გვირტყამდნენ. ამ დარტყმის დროს ბევრი ადამიანი წიხლქვეშ გაიგდეს, ბევრ ადამიანს თავი დაუმტვრიეს და ამ გაწევ-გამოწევაში 1-2ჯერ მეც მომიწია ხელის კვრა და დემონსტრანტის გამოთრევა.

რაც შეეხება ამ პატივცემულ ალექსანდრე ოხანაშვილს [საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პირი], წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის, თვალით არ მინახავს. არც ის ვიცი, ის ადამიანი, ვისაც მაბრალებენ რომ ხელი დავარტყი, არის თუ არა ალექსანდრე ოხანაშვილი. და თუ თქვენ ალექსანდრე ოხანაშვილს უჯერებთ სიტყვაზე, რომ ის არის ალექსანდრე ოხანაშვილი, მაშინ, გთხოვთ, მეც დამიჯეროთ და ვაღიარებ, რომ ამერიკის პრეზიდენტი კენედი მოვკალი მე. გთხოვთ, მაგაზეც გამასამართლოთ.

თუ იმას დაუჯერეთ, რომ ის არის ალექსანდრე ოხანაშვილი, მაშინ კენედის მკვლელი ვარ მე და გთხოვთ, ესეც დამიჯეროთ.

რაც შეეხება ქალბატონი ანას [პროკურორი] გამოცხადება-არგამოცხადებას ჩემს პროცესებზე, ერთი შემთხვევა არ იყო, როცა ქალბატონი ხუბეჯაშვილი არ გამოცხადდა ჩემთან პროცესზე – პირველად აგვისტოში წავიდა დასასვენებლად, მეორედ სექტემბერში საქეიფოდ იყო, მერე უქეიფოდ იყო, მერე კორონა დაემართა, მერე რა ვიცი რა დაემართა და ასე პერიოდულად არ დადიოდა. ამიტომ გამიჩნდა ეჭვი, რომ ქალბატონი ანა არის დაინტერესებული ჩვენი პროცესით.  მას მერე, რაც მომისაჯეს, ქეიფი და ცუდად გახდომა უკვე აღარ ეტყობა, ამჯერად დადის ყოველდღე.

რაც შეეხება ჩემი სახლიდან და ოფისიდან ტექნიკის ამოღებას, ვერაფრით ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ჩემი მუშტი ან მკლავი ინახებოდეს კომპიუტერში, ან რას ეძებენ ამ კომპიუტერში ისეთს, რაც ვერ იპოვეს. ვინჩესტერის დათვალიერებას ერთი წელი რად უნდა. ხომ გამორიცხულია, უბრალოდ მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ ჩემი ბიზნესი გაანადგურონ, რისთვის კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ანას.

იმედია, ქალბატონ ანის ჩემზე უფრო პატიოსანი პროკურორი და მოსამართლე ეყოლება, იმ დროს როცა საჭირო იქნება”, – განაცხადა საბოლოო სიტყვაში გიორგი ოკმელაშვილმა.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოკმელაშვილი მაისში პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკავეს – სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის საფუძველზე.

ბრალდების მხარის პოზიციით, 13 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

ოკმელაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.