ომბუდსმენი ნათელაშვილს მოუწოდებს, თავი შეიკავოს განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებისგან

პუბლიკა

საქართველოს სახალო დამცველი ნინო ლომჯარია ოპოზიციური პარტიების ნაწილის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატს ნაძალადევში, შალვა ნათელაშვილს მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ ცრუ ინფრმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

„ბატონმა შალვამ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში დღეს გაავრცელა ცრუ ინფორმაცია როგორც სახალხო დამცველის საქმიანობის, ასევე, ჩემი ოჯახის წევრის მისამართით. ბ-ნ შალვას აქაც მოვუწოდებ, თავი შეიკავოს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შემყვანი განცხადებებისგან. მამაჩემი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეა და ძალიან უხერხულია მრავალწლიანი სტაჟის მქონე პოლიტიკოსის მხრიდან რიგითი მოქალაქის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების კეთება“, – წერს ლომჯარია „ფეიბუქზე“.

რა ხდება?

ნინო ლომჯარიას თქმით, მიმდინარე წლის 20 ივლისს „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარეს, შალვა ნათელაშვილს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა, თავი შეეკავებინა დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებებისაგან და ხელი შეეწყო გენდერული თანასწორობის დაცვისთვის.

ომბუდსმენი ამბობს, რომ მიმართვის საფუძველს წარმოადგენდა ნათელაშვილის განცხადება, რომლითაც იგი გაუპატიურების რეგულირების ცვლილებას გამოეხმაურა:

„ესაა სრული იდიოტიზმი. ჯერ გაუპატიურების მუხლით აღძრულ უამრავ საქმეზე, იგივე ჩემი გამომძიებლობის პერიოდში, საბოლოოდ დგინდებოდა, რომ ე.წ მსხვერპლი თვითონ იყო მაპროვოცირებელი, ან პროვოკატორი რაიმე სარგებლის გამოსაძალად ან ცოლად გასაყოლად. ამ ფორმულირებით კანონის მიღება გამოიწვევს იმას, რომ ნებისმიერი მამაკაცი შეიძლება დაიჭირონ თუ ე.წ „დაზარალებულს” ნებისმიერ დროს ეს მოეხასიათება“, – მოჰყავს ნათელაშვილის ციტატა ლომჯარიას სოციალურ ქსელში.

სწორედ ამ წერილის პასუხს უკავშირებს ნინო ლომჯარია შალვა ნათელაშვილის  განცხადებებს, რომლებიც მან დღეს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გააკეთა.

„სახალხო დამცველის წერილის საპასუხოდ, ბატონმა შალვამ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში დღეს გაავრცელა ცრუ ინფორმაცია როგორც სახალხო დამცველის საქმიანობის, ასევე, ჩემი ოჯახის წევრის მისამართით. ბ-ნ შალვას აქაც მოვუწოდებ, თავი შეიკავოს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შემყვანი განცხადებებისგან. მამაჩემი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეა და ძალიან უხერხულია მრავალწლიანი სტაჟის მქონე პოლიტიკოსის მხრიდან რიგითი მოქალაქის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების კეთება.

თუმცა, კიდევ უფრო მიუღებელია ბ-ნი შალვას განცხადებები, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის უმწვავესი პრობლემის დაკნინებას და ქალების, როგორც პროვოკატორების წარმოჩენას ისახავს მიზნად. ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან მიუღებელია პოპულიზმის საგნად ისეთი რთული და მძიმე ფენომენის ქცევა, როგორიცაა ძალადობა ოჯახში, ფემიციდი და ქალთა მიმართ ძალადობა“, – წერს ლომჯარია და თავის პოსტს სქესის ნიშნით დიკრიმინაციული შინაარსის განცხადებასთან დაკავშირებით ზოგადი წინადადების ბმულს ურთავს.

რა თქვა შალვა ნათელაშვილმა?

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, ნაძალადევში მაჟორიტარობის კანდიდატ შალვა ნათელაშვილს „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ჟურნალისტმა ჩაუკითხა მის მიერ გაკეთბული განცხადებები როგორც ერთსქესიანთა ქორწინებაზე, მათ შორის, ნინო ლომჯარიას მიერ მოყვანილი ციტატაც და ჰკითხა, არის თუ არა ეს დასავლური ღირებულებების მქონე პოლიტიკოსის განცხადებები?

„დასავლური ღირებულებები რა არის, მაინცდამაინც, კაცმა კაცზე  უნდა იქორწინოს და, მაინცდამაინც, იქნებ, ვთქვათ… ახლა როგორ არის საქმე, როგორ გითხრათ… არსებობს გაუპატიურების მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში და ძალადობით სქესობრივი კავშირი ისჯება. უმძიმესი დანაშაულია და მესამე ნაწილია თუ მეოთხე, მგონი, სამუდამო პატიმრობაზე ადის.

აი ეს, რაც ამათ შეიტანეს ცვლილების სახით, იძლეოდა ფართო საშუალებას პროვოცირების. არსებობს დანაშაულის პროვოკაცია, პროვოცირება. ვთქვათ, ცოლ-ქმარს მოუვიდა ჩხუბი გარკვეულ საყოფაცხოვრებო საკითხზე, ადამიანები ვართ ყველა ხომ? და  გამწარებულმა მეუღლემ მიმართა პოლიციას და პროკურატურას, რომ ვალენტინობის დღეს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჰქონდა ურთიერთობა…“, – თქვა ნათელაშვილმა.

ჟურნალისტი მას ჩაეკითხა, თუ ძალადობაა, არ უნდა მიმართოს?

„ძალადობა თუა, ის გაუპატიურებაა. ფსიქოლოგიური და სულიერი ძალადობაც ძალადობაა. „გამოკვეთილი თანხმობის გარეშე“ რა, ახლა ნოტარიუსი უნდა დაიყენოს თუ თანამოწმე? აქ საუბარია ცოლ-ქმარს შორის საწოლში სისხლის სამართლის კოდექსის შედებაზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს პროვოცირება, პატიმართა ახალი კასკადი კაცების სახით, რომლებიც ისედაც გადაშენების გზაზე არიან, ნაწილი დაიხოცა, ნაწილი დეპრესიაში ჩავარდა, ნაწილი საზღვარგარეთ გაიქცა… ქართველი ქალები მასობრივად თხოვდებიან უცხოელებზე და ასე თუ გაგრძელდა, გადაშენდება ქართული გენი და ჯიში და ლომჯარია აცხადებს, რომ კაცი კაცზე უნდა დააქორწინოს. მამაცხონებულო, ჯერ გოგოს და ბიჭის დაქორწინებას მიხედე!“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ნინო ლომჯარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს:

„ამ ქალის მამა არის შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის არქიტექტორი. ხეები რომ დათხარა და პინგვინები ჩამოიყვანა, მამამისია ყველაფრის დამხაზავი და როგორ არის ობიექტური ეს სახალხო დამცველი? მამამისი მუშაობს ივანიშვილთნ!

…ჩვენ საშუალებას ვაძლევთ პროვოკატორებს, ადამიანებს, რომელთაც აქვთ საგრანტო ინტერესი, პოლიტიკური ინტერესი, პათოლოგიური ინტერესი, საკუთარი იდეები ავითარონ და თუ ვინმე წავა მათ წინააღმდეგ, გამოაცხადონ ანტიევროპული შეხედულებების მქონედ. ევროპაა კონსერვატიზმის სამშობლო“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.