ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სახდეპის წარმომადგენელს შეხვდნენ

პუბლიკა
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს.
„გულწრფელი საუბარი გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ახალი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პრიორიტეტები – გლობალურად, ჩვენს რეგიონში და კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით. იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა – ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია ამ ქვეყნის განვითარება, როგორი უნდა იყო ამერიკასთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები; გასაგებია, რომ არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც დღეს არის.
საუბარი იყო იმაზეც, რომ „ქართული ოცნების“ დაპირებები, რომ ახლა ამ ვიზიტზე არა და ორი კვირაში ახალი ვიზიტი იქნება და მერე დავლაგდებით, ეს ყველაფერი ტყუილი და სისულელეა“, – ზურა ჯაფარიძე.
„ძლიერ საქართველოს სჭირდება ძლიერი მეგობრები ამერიკისა და ევროპის სახით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არა მხოლოდ შეიცვალოს რეჟიმი, არამედ სწრაფად აღვადგინოთ ურთიერთობები პარტნიორებთან. საქმის კურსში არიან, რაც ხდება ქვეყანაში და ვერავინ გაყიდის ამ შეხვედრებს ისე, რომ თითქოს ნორმალიზება ხდება იმის, რაც ხდება ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სჭირდება მთავრობა, რომელიც ემსახურება არა ერთი კაცის ინტერესებსა და ძალაუფლებას, არამედ საქართველოს მოქალაქეებს და რომელსაც შეუძლია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მწყობრი ხედვის მიტანა, რატომ არის მორალურად და პრაგმატულად მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა და თავისუფლება. ივანიშვილის რეჟიმს ეს არ შეუძლია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს შეერთებულ შტატებს საქართველოს უსაფრთხოებისთვის, მისი ეკონომიკური გაერთიანებისთვის. ამიტომ მათი ღრმა ჩართულობა რეგიონში უმნიშვნელოვანესია და მხარს ვუჭერთ იმ მცდელობებს, რომლებშიც ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, იყოს მეტად ჩართული, მათ შორის იმ ეკონომიკურ პროექტებში, რომლებიც რეგიონში და საქართველოში მიმდინარეობს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
„რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ რაღაც ინტერესი გამოჩნდა. თქვენ იცით, რომ თითქმის 2 წელია, „ოცნების“ მიზანმიმართული, ანტიდასავლური და ანტიამერიკული არაკომპეტენტური პოლიტიკის გამო, საქართველო დღის წესრიგში არ იყო. ჩვენი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ს ინტერესი მიმართულია არა პარტია „ქართული ოცნებისკენ“, არამედ საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისკენ.
რაც არ უნდა შეეცადოს „ოცნება“ ვიღაცას ევაჭროს: „აი ჩვენ ტვირთს გავატარებთ“, ევაჭროს გეოპოლიტიკური ვითარებით, ამას შესაძლოა მოკლევადიანი ეფექტი ჰქონდეს მხოლოდ, რაღაც პიარული. გრძელვადიანად ყველამ კარგად იცის „ქართული ოცნების“ რეალური სახე. ჩვენი მთავარი გზავნილი ყოველთვის, მათ შორის, ამ შეხვედრაზეც იყო ის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გთხოვთ, საქართველო შეინარჩუნეთ დღის წესრიგში, ქართველი ხალხის მხარდასაჭერად“, – განაცხადა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა.
გუშინ სონატა კოლტერთან შეხვედრა გამართა ირაკლი კობახიძემაც. შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ რელიზში ეწერა, რომ „პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის“.