ოქრუაშვილის ადვოკატის თქმით, პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

პუბლიკა

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული გირაოს პატიმრობით შეუცვლის შესახებ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საჩივარი სააპელაციო სასამართლოში ხვალ შევა. ოქრუაშვილი 14 მაისს სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გირაოს გადაუხდელობის გამო.

„რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებას, რა თქმა უნდა, ვასაჩივრებთ, ხვალ დილით უკვე შევიტანთ, შუადღემდე დრო გვაქვს. რომ გითხრათ დიდი იმედი მაქვს-მეთქი, რაც პრაქტიკაში ხდება ვთქვათ, რომ რამეს შეცვლის აპელაცია, არა. სამართლებრივად გვაქვს ასეთი არგუმენტი, პირის დაბარება ხდება ამ კომისიის რეგლამენტით, კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც თავმჯდომარე და კომისიის მდივანი უნდა აწერდნენ ხელს, ასეთი გადაწყვეტილება, ეს ადმინისტრაციული აქტია, რომლის გასაჩივრებაც შეგიძლია, შეიძლება სასამართლომ გააუქმოს და უკვე ვალდებულება აღარ ჰქონოდა იქ მისვლისა, ასეთი დოკუმენტი, რომ მიიღო გადაწყვეტილება, თავმჯდომარემ კი არ უნდა მოაწეროს ხელი და თავმჯდომარემ გადაწყვიტოს, კომისიის გადაწყვეტილება საქმეში არ დევს. წულუკიანის ხელმოწერის გარდა სხვა დოკუმენტი არ გვაქვს. სამართლებრივად მერე დანარჩენი ყველაფერი ამაზეა აწყობილი“, – თქვა ადვოკატმა. 


8 აპრილს ოქრუაშვილს „ქართული ოცნების“ პარლამენტში თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აეკრძალა. ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე ჰქონდა განსაზღვრული. ვადა 8 მაისს ამოიწურა.

წულუკიანის კომისიის სხდომებზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა, ნიკა გვარამიამ და ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადეს, რომ არ აპირებენ მათთვის შეფარდებული გირაოს გადახდას.