პარლამენტმა ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებს II მოსმენაზე გარკვეული დათქმებით უყარა კენჭი

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებსა და შეკრება-მანიფესტაციების კანონში რეპრესიულ ცვლილებებს მეორე მოსმენაზე გარკვეული დათქმებით უყარა კენჭი.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით წარდგენაზე მისმა წარმდგენმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ცალკეულ მუხლებში ტექნიკური და რედაქციული ხასიათის ცვლილებები იყო შესული. მას არ უთქვამს, რომ ტექსტში სხვა ცვლილებები იყო შესატანი ან შესული.

კანონპროექტის კენჭისყრის დაწყებამდე გორდულაძემ სიტყვა მოითხოვა და განაცხადა, რომ დამატებითი კონსულტაციების გამართვაა საჭირო და თავმჯდომარეს შესთავაზა, კანონპროექტებს ცალ-ცალკე, კონკრეტული დათქმებით ეყაროს კენჭი:

„იმისთვის, რომ გავმართოთ დამატებითი კონსულტაციები ისევ და ისევ ადამიანის უფლებათა ჭრილში რომ შევხედოთ საკითხს და მეტი გარანტიებისთვის, ასევე რიგი პროცედურული საკითხების უკეთ გააზრების თვალსაზრისით გთავაზობთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლის მე-8, მე-10, მე-11 და მე-12 ნაწილების კენჭისყრა გადავდოთ მესამე მოსმენის ფორმატში როდესაც გვექნება განხილვა, მაშინ განვიხილოთ.

ამავდროულად, გამომდინარე იქიდან, რომ საკითხები შესაძლებელია შეეხოს განსჯადობის ნაწილსაც, გთავაზობთ, გამომდინარე კანონებში პირველი მუხლის კენჭისყრები გადავდოთ. ამ დათქმით ვუყაროთ კენჭი, გავმართოთ კენჭისყრები და საბოლოოდ შეჯამებული ტექსტი გამოვიტანოთ კენჭისყრაზე“, – განაცხადა გორდულაძემ.

მუხლები, რომლებიც არჩილ გორდულაძემ დაასახელა, შემდეგია:

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლის მე-8 ნაწილი გულისხმობს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლში შესატან ცვლილებებს.

  • შემოთავაზებული ცვლილებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა/სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.მოქმედ კანონში განსაზღვრულია 3000 ლარამდე ჯარიმა და 15 დღემდე პატიმრობა.
  • სამართალდამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 7 დღიდან 60 დღემდე ვადით.

მე-10 ნაწილი გულისხმობს შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევას

  • შემოთავაზებული ცვლილებით,შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500-ის ნაცვლად 2000 ლარის ოდენობით.ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე.სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე. მოქმედ კანონში მხოლოდ 15 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული.ადმინისტრაციული შენობების, გზების და მაგისტრალების ბლოკირების ან შეკრებებზე ძალადობისკენ მოწოდების, აკრძალული ნივთების ქონის, გზის გადაკეტვის შემთხვევაში გათვალისწინებულია დაჯარიმება 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 15 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.მოქმედ კანონში გათვალისწინებულია 5000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა.

    აქციაზე სახის დაფარვის და ლაზერის ტარების შემთხვევაში – დაჯარიმება 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

    გაჩნდა ჩანაწერი ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაზე – გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

    თუ შეკრება-მანიფესტაციების წესების დარღვევის გამო სამართალდამცველმა შეკრების შეწყვეტა მოითხოვა, ასეთ შეკრებაში მონაწილეობა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

მე-11 და მე-12 ნაწილი განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების და შსს-ს ორგანოების განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეებს.

რა ცვლილებები შევა აღნიშნულ მუხლებში ჯერ-ჯერობით უცნობია.

კანონპროექტთა პაკეტის მესამე მოსმენა დღესვე უნდა გაიმართოს. სხდომა, სავარაუდოდ, 18:00-ზე დაიწყება.

მანამდე კანონპროექტებს კომიტეტებზე განიხილავენ.