პარლამენტთან პროპორციული სისტემის მხარდასაჭერი აქცია ხვალ, 12 საათზე განახლდება

პუბლიკა

მოქალაქეები პროპორციული სისტემის მხარდასაჭერად აქციას ხვალ განაახლებენ. შოთა დიღმელაშვილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ პარლამენტის წინ ხვალ, 13 ნოემბერს 12:00 საათზე ისევ შეიკრიბონ.

პარლამენტმა უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტი კენჭისყრაზე არ დააყენა. კანონპროექტი ითვალისწინებს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვას.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, კანონპროექტის განხილვა ხვალ გაგრძელდება.

პლენარული სხდომა ხვალ, 13 ნოემბერს, 12 საათზე განახლდება.

„განხილვების დროს გამოიკვეთა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია და მას ჩვენი დაცვა სჭირდება!

პროპორციული არჩევნები არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი და მოქალაქეების მასშტაბური პროტესტის შედეგად მიღებული მონაპოვარი. ის არის ხალხის და არა ერთეული დეპუტატების ნება!

2020 საარჩევნო წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პასუხისმგებლობა და ვალდებულება მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს აიღო, როგორც მთელი ქვეყნის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

შეასრულე მოცემული პირობა! არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება! არ გაბედო!”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.