პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა II მოსმენით მიიღო

პუბლიკა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი 80 ხმით 27-ის წინააღმდეგ II მოსმენით მიიღეს. კანონპროექტი პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს და კანონით განსაზღვრულ პრივილეგიებს დაკარგავს.

ასევე, ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილი პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება. ამ გარემოების შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების შემთხვევაში პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.


„ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც არსობრივად მიზნად ისახავს ოპოზიციური პარტიებისთვის სანქციების დაწესებას მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საკუთარ მანდატებზე უარის თქმაში გამოიხატა“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით.

ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 10-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ საქართველო იმყოფება ფართომასშტაბიან და მრავალმხრივ კრიზისულ სიტუაციაში, რომელზეც პასუხისმგებლობა პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.