პარტიის სახელით მოვითხოვ ბათუმში აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას - დეკანოიძე

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, გუშინ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, 25 პირი დააკავეს.

„პარტიის სახელით მოვითხოვ მათ გათავისუფლებას, მათი უფლებების დაცვას, ყველამ გაიგოს რომ ამ ქვეყანაში ვერასდროს ლუკაშენკოს და პუტინის მსგავსი რეჟიმები ვერ გაიმარჯვებენ“,- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ.

„პარტიის სახელით მინდა გავაკეთო განცხადება და გამოვეხმაურო გუშინ ბათუმში მომხდარ ძალიან მძიმე ფაქტს, რომელიც, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების და სამართალდამცავი უწყებების სრულ თავგასულობას, უტიფრობას და კანონის ფარგლებს გარეთ მიმართულ დანაშაულს, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ჩვენი მეგობრების, თანამებრძოლების, დეპუტატების, აქტივისტების, საკრებულოს წევრების დაკავების სახით.

მაშინ როდესაც მთელი მსოფლიოს ლიდერები, პარტიები, ევროპა გამოხატავს ძალიან მნიშვნელოვან შეშფოთებას და პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ იღონოს ყველაფერი, გააკეთოს ყველაფერი, დაიცვას ადამიანის უფლებები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და სიცოცხლე, რომელიც მას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით და ყველა კონვენციით დაიცვას, ამ პირობებში გუშინდელ მშვიდობიან მანიფესტაციას, სადაც ადამიანები მოითხოვდნენ მესამე პრეზიდენტის გადაყვანას მესამე ქვეყენაში, როცა აუცილებელია მისი სიცოცხლის დაცვა, ჩვენ ვიხილეთ ძალიან მძიმე შემთხვევა, რომელიც  ძალიან სერიოზული დაბრკოლებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გაზზე“,- განაცხადა დეკანოიძემ.