პესკოვი ზელენსკის წერილზე: თუ პუტინთან უნდა შეხვედრა, შეუძლია, მოსკოვში ჩამოვიდეს

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტის ღია წერილის საპასუხოდ აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, შეუძლია, მოსკოვში ჩავიდეს.

პესკოვმა 4 ივნისს ღამით განაცხადა, რომ მან წერილი ნახა და ამის შესახებ ვლადიმერ პუტინს მოგვიანებით მოახსენებენ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს ომის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ, ცეცხლის შეწყვეტისა და პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

ღია წერილში, რომელიც ზელენსკიმ 4 ივნისს გაავრცელა, პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ არსებული დაპირისპირება პუტინის პირადი არჩევანია და არა გეოპოლიტიკური აუცილებლობა.

უკრაინის პრეზიდენტი პუტინს შეხვედრას მესამე ქვეყანაში სთავაზობს – შვეიცარიაში, თურქეთში, ან არაბული სამყაროს ქვეყნებში. მისი თქმით, უკრაინა მზადაა, მოლაპარაკებების პერიოდში სრულად შეწყვიტოს ცეცხლი, რასაც აშშ მონიტორინგს გაუწევს.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ ამ პროცესში ევროპა და აშშ უნდა ჩაერთონ. იგი ასევე მზადაა ტყვეების გაცვლისთვის. წერილში ზელენსკი ასევე საუბრობს გატაცებული ბავშვებისა და მოქალაქეების დაბრუნების აუცილებლობაზე.

ზელენსკის განცხადებით, 26-წლიანი მმართველობის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის რესურსები იწურება და ომის გაგრძელება ქვეყნისთვის დამღუპველ შედეგებს მოიტანს. უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთის არმიის დანაკარგებმა მაისის მონაცემებით 30,000-ს გადააჭარბა, ხოლო თავად რუსეთი ისტორიაში პირველად სრულად გახდა დამოკიდებული ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთზე.

წერილში ხაზგასმულია, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი საომარი მოქმედებების დასრულებაზე უარს იტყვის, უკრაინა ბრძოლას თავისი არსებობისთვის გააგრძელებს. ამავდროულად, ზელენსკი რუსეთის ლიდერს აფრთხილებს, რომ რუსეთის შიგნით არსებული მზარდი დაღლილობა და სოციალური უკმაყოფილება გარდაუვალ ცვლილებებს მოიტანს, რაც საფრთხეს შეუქმნის არა რუსეთს, არამედ პირადად მის პოლიტიკურ მომავალს.