პირი, რომელიც ფონიჭალაში 7 ქვეითს დაეჯახა, დაკავებულია - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პირი – 1995 წელს დაბადებული პ.გ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისას შეეჯახა გზის გვერდულზე გაჩერებულ ავტომობილს და ქვეითად მოსიარულე 7 პირს: 1996 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, 2016 წელს დაბადებულ ე.ა.-ს, 1974 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, 1991 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, 2009 წელს დაბადებულ ე.ა.-ს, 2013 წელს დაბადებულ რ.ა.-ს და 2016 წელს დაბადებულ ა.მ.-ს. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, პ.გ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა“, – აცხადებს შსს.

მიყენებული ტრავმების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ ე.მ. და ე.ა., ხოლო საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ – ა.მ. და მ.მ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ისინი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.