პირს, რომელმაც ხულოში „ალტ-ინფოს“ პარტიას ფართი არ მიაქირავა, თანხა შეუგროვეს

პუბლიკა

დათო სოლომონიძე, რომელმაც ხულოში პრორუსული, ძალადობრივ „ალტ-ინფოს“ პარტიას „კონსერვატიულ მოძრაობას“ ოფისი არ მიაქირავა, საკუთარ facebook-გვერდზე მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომლებმაც მას 3 430 ლარი შეუგროვეს. სოლომონიძის თქმით, ის 1000 ლარს უკრაინელების დამხმარების ფონდში გადარიცხავს.

„როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ფართიდან გამეშვა ის ხალხი, ეს გავაკეთე იმიტომ, რომ არ მინდა ჩემს მუნიციპალიტეტში ვინმემ ვინმეზე იძალადოს და ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპიროს. ჩემთვის ფული არ ღირს იმად, რომ ხვალ ვინმემ მოღალატე მიწოდოს.

გუშინ ჩემს ანგარიშზე მესიჯები არ წყდებოდა. ერთ დღეში დამერიცხა 3430 ლარი, რაც ძალიან მეუხერხულება, მაგრამ ახლა მხოლოდ მადლობის გადახდა დამრჩენია. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა არის ყველაზე ძლიერი იარაღი მტერთან საბრძოლველად.

მივიღე გადაწყვეტილება, შემოსული თანხიდან 1000 ლარი გადავრიცხო უკრაინელების დახმარების ფონდში. მე არ ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთო და გთხოვთ, გამარკვიოთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც თუნდაც 1 ლარი დარიცხეთ“, – წერს ის.

„სოლიდარობის თემის“ წევრმა ედო ჯავახიძემ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ დახმარებოდნენ დათო სოლომონიძეს, რომელმაც ძალადობრივ „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისი არ მიაქირავა.

„დავითმა ეს გააკეთა თავისი სამოქალაქო თვითშეგნებიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მაგალითი, რომ ყველას მიმართ, ვინც მსგავს პასუხისმგებლობას გამოიჩენს, სამოქალაქო საზოგადოება ვართ სოლიდარული. სწორედ ამიტომ გთავაზობთ, ჩვენი ორგანიზებით, დავითს 1 თვის ქირის თანხა მაინც შევუგროვოთ“, – წერდა ედო ჯავახიძე საკუთარ facebook-ზე.

8 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრორუსული, ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ პარტია „კონსერვატიულ მოძრაობას“ ხულოში ოფისი გახსნის დღესვე დაახურვინეს. ფართის მეპატრონემ დათო სოლომონიძემ „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ მას თავდაპირველად არ ჰქონდა ინფორმაცია პარტიის შესახებ, თუმცა როგორც კი შეიტყო, ოფისიდან მათი პლაკატები ჩამოხსნა.


ხულოში ძალადობრივი, პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისიდან გაძევების შესახებ ინფორმაციას „ალტ-ინფოს“ ლიდერები გამოეხმაურნენ. მათ შუღლის გამღვივებელი, ისლამოფობიური და მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთეს. იმ ადამიანებს კი, ვინც ხულოში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის დახურვაში მიიღო მონაწილეობა „ისლამისტ რადიკალებად“, „ტერორისტების მხარდამჭერებად“, „თურქეთის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებულ ჯგუფად“ მოიხსენიებენ.

აჭარაში ხულოს მუნიციპალიტეტის შემდეგ შუახევის მუნიციპალიტეტში პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი გახსნამდე დახურეს.

გუშინ, 11 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა იგეგმება. სარემონტო სამუშაოების კადრები „TV პირველმა“ გაავრცელა.

მათივე ცნობით, პარტიას ოზურგეთში ოფისის მოწესრიგებასა და ორგანიზებაში შემოქმედის ეპარქიის წევრი, მღვდელი ვახტანგ თოხაძე ეხმარება. შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსებმა „TV პირველთან“ განაცხადა, რომ თუ მამა ვახტანგი „ალტ-ინფოს“ მხარში ამოუდგება, მღვდლობა შეუჩერდება.

მანამდე, კი პროტესტი მოჰყვა „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნას მესტიასა და ამბროლაურში.