პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად – კალაძე

პუბლიკა

სპეცრაზმის მიერ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, მიუხედავად პოლიციის მოწოდებისა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. მისივე თქმით, სახელმწიფომ თავისი ვალდებულება შეასრულა და „პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა.“

კალაძის განცხადებით, პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად,  აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა.

„გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თანამშრომელს ამისათვის. ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია. მომიტინგეები თავისუფლად განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე“, –  განაცხადა კალაძემ.

სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტთან მიმდინარე აქცია დაშალა და პარლამენტის სამი პიკეტირებული შესასვლელი გაათავისუფლა აქციის მონაწილეებისგან. აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს ასევე პარლამენტის წინ გზის სავალი ნაწილი, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში პროტესტის ნიშნად კარვები იყო გაშლილი და მოქალაქეები ღამეს ათევდნენ.

შსს-ს ცნობით, ბოლო მონაცემებით, აქციაზე დააკავეს 18 პირი. დაშავებულია 3 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.