პოლიციამ „ლიბერთი ბანკის“ გამსვლელი ოპერატორის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1994 წელს დაბადებული, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.დ. და 1996 წელს დაბადებული ხ.ც.

„ბრალდებულები შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ “ლიბერთი ბანკის” გამსვლელ მოლარე-ოპერატორს – 1956 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს. თავდამსხმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცივი იარაღის მუქარით გასტაცეს პენსიონერებისთვის გადასაცემი თანხა – 7000-მდე ლარი, რის შემდეგაც ორივე ბრალდებული ხ.ც.-ს დროებით მფლობელობაში არსებული ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს შსს.

შსს აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ა.დ. და ხ.ც. ქედის მუნიციპალიტეტში, ცხელ კვალზე, იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყაჩაღურად დაუფლებულ თანხასთან ერთად მიმალვას ცდილობდნენ.

„პოლიციამ, ხ.ც.-ს დროებით მფლობელობაში არსებული ავტომობილიდან, გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით, სრულად ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა“, – წერია უწყების განცხადებაში.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.