პოლონეთში ბელარუსი მოქალაქის ძარცვისა და ცემის საქმეზე საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

პუბლიკა

ავტორი: ასლან ბაირამოვი

პოლონეთში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს, რომლებმაც, პოლიციის ინფორმაციით, ვარშავაში თავს დაესხნენ და გაძარცვეს 25 წლის ბელორუსი კაცი. პოლიციის ცნობით, შემთხვევა ივლისის ბოლოს მოხდა. დაკავებულებს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავებულები არიან 23-დან 29 წლამდე ასაკის პირები. ხუთივე მათგანს ძარცვასა და ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.  პოლიციის განცხადებით, ისინი მსხვერპლის გატაცებასაც ცდილობდნენ.

პოლონური მედია RMF 24-ის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა კაცი ძირს დააგდეს და მისი მანქანაში ძალით ჩასმა სცადეს. მათ მსხვერპლს სასტიკად სცემეს, შემდეგ კი საფულე და მობილური ტელეფონი წაართვეს. მედიის ცნობით, მამაკაცმა თავის არეში დაზიანებები მიიღო.

ნაძარცვი თანხა დაახლოებით 20 000 ზლოტს (5 400 დოლარს) შეადგენდა. ეჭვმიტანილები მეორე დღეს, ვარშავის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. გამომძიებლებმა ნაძარცვი თანხის ნაწილი უკვე იპოვეს.

2025 წელს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხზე მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება – რაც 27-დან სულ მცირე 15 წევრ სახელმწიფოსა და ბლოკის მთლიანი მოსახლეობის 65%-ის თანხმობას გულისხმობს.

საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერებას პოლონეთში მიგრაციის საკითხზე გამწვავებული დებატებიც დაემთხვა. განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოში კრიმინალისა და პოლონეთში ქართველი დამნაშავეების შესახებ საუბარი.

2024 წელს პოლონეთიდან საქართველოს 2 500-ზე მეტი მოქალაქე გააძევეს, რაც იმავე წელს ქვეყნიდან გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების თითქმის მესამედს შეადგენდა.

პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჯგუფებთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე მეტი დანაშაული ჩაიდინეს. პოლიციის ცნობით, ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა გაორმაგდა 2020 წლის შემდეგ.

ამ კრიმინალურმა ინციდენტმა დიდი აღშფოთება გამოიწვია ქართულ სოციალურ ქსელებში. Facebook-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები ქართული საზოგადოების რეპუტაციას აზიანებს და შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნებში ქართველებისთვის საზღვრის გადაკვეთა და გადაადგილება კიდევ უფრო გაართულოს.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.