პროტესტი უფრო მწვავე გახდება. ვემზადებით, რომ ერთი ღამით რუსთაველზე დავრჩეთ - „სირცხვილია“

პუბლიკა

მოძრაობა „სირცხვილია“ 3 ივლისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმისატვის, რომ ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა აიძულონ, პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას.

„ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ 3 ივლისს, 20:00 საათზე კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე!

იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება.

პარლამენტთან გატარებული ღამე თითოეული მოქალაქისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, რისთვისაც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

24 ივნისს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.

მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. იქამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა მიეცა.