დნესტრისპირეთის მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივებულად შეეძლებათ

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, არაღიარებული დნესტრისპირეთის მცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიიღებენ.

რუსული მედიის ცნობით, დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

ბრძანების თანახმად, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მიღების უფლება მიენიჭათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებმაც მიაღწიეს 18 წლის ასაკს და განკარგულების ძალაში შესვლის დღისთვის მუდმივად ცხოვრობენ დნესტრისპირეთში.

დოკუმენტში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია „ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით ხელმძღვანელობით“.

ბრძანების მიხედვით, დნესტრისპირეთის მცხოვრებლებს შეუძლიათ, რუსეთის მოქალაქეობა მოითხოვონ „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ“ ფედერალური კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის პირველ სამ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დაცვის გარეშე.

ამ პუნქტებში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს რუსეთში მოთხოვნის დღემდე ხუთი წლის განმავლობაში, ფლობდეს რუსულ ენას, იცოდეს რუსეთის ისტორია და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის საფუძვლები.

დნესტრისპირეთი მოლდოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით თვითგამოცხადებული რესპუბლიკაა. ის 1990 წელს გამოცხადდა, როგორც „დნესტრისპირეთის მოლდოვური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“ დედაქალაქით ტირასპოლი. ის არც მოლდოვას უღიარებია და არც მოსკოვს.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ არაღიარებულმა სახელმწიფომ არსებობა განაგრძო, როგორც „დნესტრისპირეთის მოლდოვურმა რესპუბლიკამ“. დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას ცნობენ მხოლოდ ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ოკუპირებული რეჟიმები.

დნესტრისპირეთში 1500 რუსი სამხედროა განლაგებული. ისინი ძირითადად არიან მოლდოვაში დაბადებული რუსული პასპორტის მქონე პირები, რომლებსაც რუსულ ჯართან კონტრაქტი აქვთ გაფორმებული.

მოლდოვის ხელისუფლება არაერთხელ გამოვიდა რუსი სამხედროების გაყვანის მოწოდებით. პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, დნესტრისპირეთის პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია რეგიონიდან რუსული ძალების „მშვიდობიანი გზით“ გაყვანა, რის შემდეგაც უნდა მოხდეს დნესტრისპირეთის „ეტაპობრივი რეინტეგრაცია“.