რა შეიარაღების შესყიდვას გეგმავს თავდაცვის სამინისტრო 2021 წელს

პუბლიკა

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა.

„საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს ნატოში საბოლოო გაწევრების მიზნით თავსებადობის გაზრდა და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ჩვენი სამხედროებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, მომდევნო წელს იგეგმება ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო (ე.წ. კამიკაძე) საფრენი აპარატების შეძენა. სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფები კი, თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით აღიჭურვება.  2021 წელს, ასევე, დასრულდება ჯარის აღჭურვა ნატოს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით.

მისი განცხადებით, ებრაელ პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „რაფაელის“ განახლება და მოდერნიზაცია მოხდება.

„ასევე, დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვა. მომავალ წელს, სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინის“ დამატებითი პარტიის შეძენაც“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.