რას ითვალისწინებს პატიმრის სრული შემოწმება | დებულება

პუბლიკა

„[თითით შეღწევა დათვალიერების პროცედურის ნაწილია თუ არა] ეს დებულებაში როგორ არის გაწერილი, იქ უნდა ვნახოთ ალბათ. რამდენად არის საშუალება, რომ ასე სიღრმისეულად დაათვალიერონ. თუმცა ის, რომ უნდა დათვალიერდეს, მათ შორის დეტეკტორით და მათ შორის სკანერით, ეს დებულებაში გაწერილია”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა  „TV პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

ის პატიმარ გიორგი დავითაძეზე საუბრობდა, რომელიც აცხადებს, რომ რუსთავის მე-6 დაწესებულებაში ბადრაგმა თითით გააუპატიურა.

სისხლის სამართლის კოდექსით, გაუპატიურება ასე განიმარტება – გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

ახლა კი ვნახოთ, რა წერია რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დებულებაში:

დებულებაში წერია, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება შეიძლება იყოს არასრული და სრული. პირადი სრული შემოწმებისას კი შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო პერსონალი. 

პირადი არასრული შემოწმება ტარდება:

  • ფოტოდაქტილოსკოპთან, ექიმთან, გამომძიებელთან წარდგენამდე და წარდგენის შემდეგ;
  • ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან შეხვედრამდე და მის შემდეგ;
  • სხვა საკანში გადაყვანისას;
  • აბაზანაში გაყვანისას;
  • დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებისას;
  • სხვა შემთხვევებში დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.

პირადი არასრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება/დათვალიერება მისი გახდის გარეშე.

პირადი სრული შემოწმება ტარდება:

  • დაწესებულებაში მიღებისას;
  • დაწესებულებიდან გაგზავნისას;
  • სამარტოო საკანში მოთავსებისას;
  • ბრალდებულის მიერ განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვებისას/დაბრუნებისას;
  • ხანგრძლივი პაემნის დაწყებამდე და დასრულების შემდგომ;
  • აბაზანაში გაყვანისას (მხოლოდ იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის, რომელიც ჩართულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სუიციდის პრევენციის პროგრამაში);
  • სხვა შემთხვევებში დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით. ეს გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნის პროპორციული.

დებულებაში წერია, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით ან [პირობითად რომ ვთქვათ, ფიზიკური კონტაქტით]. შემოწმების საშუალებას ირჩევს ბრალდებული/მსჯავრდებული.

რა შემთხვევაში უნდა მოხდეს პატიმრის ფიზიკურად შემოწმება, ამას დებულება დამატებით განსაზღვრავს. მასალაში ამოვწერთ მხოლოდ მისი ჩატარების სპეციფიკას. დებულებაში წერია:

„ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. პირადი სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევი მოწმდება სამედიცინო პერსონალთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. პირადი სრული შემოწმებისას დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.

პირადი სრული შემოწმებისას მოწმდება ფეხისა და ხელის თითებს შორის ადგილები, ტერფის გულები, ხელის მტევანი ორივე მხრიდან, კანის საფარი, ყურის ნიჟარები, იღლიები, პირის ღრუ, ცხვირის ნესტოები და სხვა ადგილები, ივარცხნება თმა თავზე. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის თამბაქოს ნაწარმი, მუნდშტუკი და სხვა საგნები.

ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო ეთიკის ნორმების დაცვით. შინაგანი შემოწმება ტარდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პირის სხეულში აკრძალული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას. შინაგანი შემოწმება ტარდება იზოლირებულ ოთახში. დაუშვებელია შინაგანი შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

გამონაკლის შემთხვევაში, როცა უსაფრთხოების დაცვის ან/და სხვა კანონიერი ინტერესები ამას მოითხოვს, იმ ადგილის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, სადაც ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის შინაგანი შემოწმება, შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ იმგვარად, რომ ვიდეოკამერის ხედვის არეში არ მოექცეს შესამოწმებელი პირის სხეული. თუ ამგვარი რამ ტექნიკურად შეუძლებელია, შინაგანი შემოწმება უნდა განხორციელდეს სპეციალური ტიხრის (შირმის) მიღმა”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.