რატომ არ იცრებიან ადამიანები?

ფასიანი განთავსება

მოქალაქეთა უმეტესობა ისევ არ იცრება, იმის მიუხედავად, რომ უმძიმესია ქვეყანაში გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა სტატისტიკა. ანტივაქსერების პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა  ბევრი ისეთი ადამიანიც  ამბობს ვაქცინაციაზე უარს, რომელიც ანტივაქსერად არ თვლის თავს, მაგრამ მაინც  ყოყმანობს, ვერც აუცრელობის  მიზეზს ასახელებს.  ფსიქოლოგი თამუნა ბოკუჩავა  თვლის, რომ  აცრაზე უარის თქმა შიშით არის გამოწვეული.

თამუნა ბოკუჩავა:

–  ყოველთვის არის იმ სიახლის მიმართ შიში, რომელიც არ იცის ადამიანმა. ეს არის არაინფორმირებულების და უცოდინრობის გამოხატულება. გვეშინია იმის, რაც არ ვიცით, რასაც არ ვიცნობთ, რაც ახალია, ამიტომ ეს შეიძლება ადეკვატური იყოს.  ადამიანები გათვითცნობიერებულები  არ არიან,  არც ცდილობენ, გაიგონ, რას შეიცავს ეს წამალი.  ამიტომ აქვთ ასეთი ჩამოყალიბებული შიში ვაქცინის მიმართ, ანუ ინფორმაციის არცოდნა იწვევს ყოველთვის ამ შიშს.  

შიში ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობაა, მაგრამ არსებობს ირაციონალური შიშები, რომლებსაც არ აქვთ სწორი საფუძველი. რომ არ ჰქონდეს ადამიანს ირაციონალური შიში, მას ინფორმაცია სწორად უნდა მიეწოდოს. რაც უფრო  მეტად ვრცელდება არასწორი ინფორმაციები,  ეს შიშები უფრო მეტად მძაფრდება.

– წითელას, ჩუტყვავილას და სხვა ვაქცინებს უპრობლემოდ უკეთებენ ადამიანები საკუთარ შვილებს,  ალბათ  ბევრმა არც ამ ვაქცინების შემადგენლობა იცის და არც ის, რატომ არის აუცილებელი ვაქცინაცია. ამ შემთხვევაში არ ეშინიათ?!

–  ბევრმა არ იცის ამ აცრების მნიშვნელობა, მაგრამ რადგან ასე იყო მიღებული, უკეთებდნენ შვილებს. ჩვენ არ ვცხოვრობდით იმ პერიოდში, როცა ეს ვაქცინები შეიქმნა, თორემ  მაშინაც იქნებოდა ადამიანების შიშები. რადგან მშობლები გვცრიდნენ, არც ვკითხულობდით, ეს რა იყო,  ამიტომ იმ ვაქცინას ადვილად იკეთებენ.  ეს ახალია, არ ვიცით, რა არის და იმის გამო, რომ არც იგებენ, რა არის სწორი ინფორმაცია, შესაბამისად, აქვთ  შიშები. 

გარდა ამისა,  ადამიანის ფსიქიკა იყენებს დაცვის სხვადასხვანაირ ფსიქოლოგიურ მექანიზმს, რითაც   თავს ზოგავს მატრავმირებელი სიტუაციებისგან, ზოგავს ფსიქიკას.  ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია უარყოფა, როდესაც არსებობს პრობლემა და ადამიანი უარყოფს, რომ არსებობს ეს პრობლემა. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არ არსებობს კოვიდი, არიან ისეთნიც, რომლებიც ამბობენ  –  არსებობს, მაგრამ არ არის საშიში და ეს მე არ დამემართებაო. ეს არის დაცვითი ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომელიც ამ შემთხვევაშიც არარაციონალურად გამოიყენება. ანუ როდესაც ხედავ, დღეში 5000 კაცი ინფიცირდება და ამ დროს თვლი, რომ ეს შენ არ დაგემართება, ან როცა იცი, რომ ეს არის ვირუსი, რომელიც ინფექციური გზით გადამდებია და ძალიან ადვილად შეიძლება  დაგემართოს, მაგრამ აჯერებ საკუთარ თავს, რომ  შენ არ დაგემართება –  ეს არის დაცვითი ფსიქოლოგიური მექანიზმების არარაციონალურად გამოყენება.

 ჩემი პირადი აზრია – ეს ვირუსი სწორედ ასეთი ადამიანების გამოა ასე  მოდებული მთელ მსოფლიოში.  ვიღაცას მანქანა დაეჯახა და გგონია,  შენ არ დაგემართება, სარისკო ქცევას თუ განახორციელებ და გადახვალ ისეთ ადგილას, სადაც არ უნდა გადახვიდე, – დაგემართება. თუ პირბადეს არ გაიკეთებ და არ დაიცავ წესებს, დიდი შანსია, რომ დაგემართება კოვიდი, მაგრამ თუ დაუმალავ საკუთარ თავს, მეტად სარისკო ქცევას განახორციელებ.

– როგორ უნდა დაძლიონ ადამიანებმა ვაქცინის გაკეთების შიში?

– ასეთ დროს  ძალიან მნიშვნელოვანია, კომპლექსურად მოხდეს კამპანიები –  საველე მუშაობა, ამ ადამიანებთან  ადგილზე მისვლა და  დეტალების ახსნა.  ეს-100 პროცენტიან შედეგს არ მოგვცემს, მაგრამ ძალიან გაზრდის ალბათობას, რომ აიცრან ადამიანები. 

მარტო ტელევიზიით გასული რეკლამა  შედეგს ვერ მოგვცემს. საჭიროა მაქსიმალურად კომპლექსურად მუშაობა – ტელევიზია, პრესა, რადიო, საველე მუშაობა, ადგილზე მისვლა სხვადასხვა სამსახურში  და საგანმანათლებო  ღონისძიებების ჩატარება, ტრენინგები, ხალხთან საუბრები, – ეს არის მნიშვნელოვანი.

–  რას ურჩევდით  მათ, ვისაც ვერ გადაუწყვეტია, გაიკეთოს თუ არა ვაქცინა?

–  არის ხალხი, რომელმაც კატეგორიულად იცის,  რომ არ აიცრება და თავისი არგუმენტები აქვს, რამდენად  სწორია ეს არგუმენტები, ეს მეორე საკითხია. არის ხალხი, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, აიცრას თუ არა, ასეთი ადამიანები ჩემ ირგვლივაც არსებობენ, მიზეზს ვერ ამბობენ, არ აქვთ არგუმენტები.  ერთი ამბობს,  ჩემი ნებაა, ავიცრები თუ არაო, მეორე ამბობს, არ ვარ ანტივაქცერი, მაგრამ არ ვიცრებიო. 

ვეცადე,  მათთვის ამეხსნა, რა არის ინფექცია, რა არის ვირუსული დაავადება, რომ ეს არ არის მარტო ჩემი ნება, მე მოვკვდები, დავავადდები თუ არა. ასეთ დროს მე ვარ  ადამიანების დაინფიცირების წყარო.  მსჯელობა – მინდა გადამედება, მინდა არ გადამედება, -არარელევანტურია. 

ვცდილობ, ყოველთვის ეს მათ ავუხსნა. ამიტომ ვთვლი, რომ  ექსპერტების, ექიმების, ეპიდემიოლოგების მიერ მოწოდებული ინფორმაცია  უნდა იყოს მაღალ დონეზე. როდესაც ინფორმირებულობა დაბალია, ამ დროს ყოველთვის გზა ეხსნება მითებისა და ლეგენდების გავრცელებას, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფით შედეგებამდე მიდის. 

კვლავ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ უნდა გაიზარდოს ინფორმირებულობა – რა არის ეს ვაქცინა და როგორ მუშაობს.   სხვადასხვა სეგმენტს  სხვადასხვანაირად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია. შეიძლება ყველა კატეგორიამ ვერ მოისმინოს და ვერ გაიგოს კარგად სამედიცინო ენაზე ეს ყველაფერი ან ექსპერტის მიერ ნათქვამი. შესაბამისად, ინფორმაცია ისე უნდა იყოს მიწოდებული, რომ მისთვის გასაგები იყოს. 

ისევ მივდივართ საინფორმაციო კამპანიამდე,  ამ დროს თუკი რამე არსებობს,  ყველა სახის საინფორმაციო კამპანია უნდა გამოიყენო, ფსიქოლოგებიც უნდა ჩაერთონ ამ კამპანიაში, რათა გაადვილდეს  ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა სეგმენტის ადამიანებისთვის. მნიშვნელოვანია რეგიონებში ჩატარებული შეხვედრები ან რაიმე სხვა ინიციატივა, რომელიც წაახალისებს, რომ აიცრას ადამიანი. ვიღაცას შეიძლება ერთი კანფეტი აჩუქო და აიცრას. ვფიქრობ,  იმუშავა პენსიონერებისთვის 200- ლარიანმა წახალისებამ. თუკი სწორად ჩატარდება კამპანია, გაიზრდება ამცრელთა რიცხვი.  ყველანაირი შიშის საფუძველს წარმოადგენს სიკვდილის შიში. პეპლის რომ ეშინია ადამიანს, ისიც  მიდის სიკვდილის შიშამდე. საფრთხის, განადგურების განცდა, სიკვდილის შიში…  ამიტომ ინფორმაციის სწორად მიწოდებით ეს შიში უნდა დაიძლიოს.